არჩევნების შედეგებზე, ოპოზიციის პროტესტზე, ხელისუფლების მოსალოდნელ რეაქციაზე ,,კვირა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარეს, ლელა რაზიკაშვილს ესაუბრა:
-ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან აქტიურად მონაწილეობთ საქართველოში გამართულ ყველა საარჩევნო პროცეში. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს როგორ შეაფასებდით?
– 31 ოქტომბრის არჩევნებში რიგითი ამომრჩეველი და გვერდიდან მაცქერალი ადამიანი, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვიყავი. არაერთი სოციოლოგიური გამოკითვის შედეგის მიხედვით, დაახლოებით, ასეთ შედეგს ელოდა სრულიად საქართველო, თუმცა, ჩემთვის მოულოდნელი იყო ოპოზიციის ასეთი მაღალი პროცენტი. ოპოზიციის მთავარი ამოცანა იყო არა მაღალი შედეგის დადება, არამედ – ხელისუფლების შეცვლა, რევანში წართმეული ხელისუფლების გამო, რომლის დაბრუნება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს, მთელს ქვეყნას უმტკიცებდა, რომ ისინი აუცილებლად შეცვლიდნენ ხელისუფლებას. მოდით, ხელისუფლების გადაბარების ყველაზე ახლო წარსული, 2012 წელი გავიხსენოთ. რა იყო მაშინ ხელისუფლების გადაბარების მოცემულობა და რა შეიძლება, ყოფილიყო დღეს, 2020 წელს?
-საუბარი იქეთ მიგყავთ, რომ 2012 წლის არჩევნებისას პროცესი ბუნებრივი იყო და მას ხელისუფლება ვეღარაფრით დაუპირისპირდებოდა?
-2012 წლამდე ხელისუფლება მასობრივად ატერორებდა მოსახლეობის დიდ ნაწილს. ცვლილებების, როგორც თვითგადარჩენის სურვილი, ადამიანებში ძალიან დიდი იყო. ყველას ჭიშკართან აკაკუნებდა შიში და უსუსურობის შეგრძნება. თუ მოძალადე ხელისუფლება არ წავიდა, მე დავიღუპებიო, ფიქრობდა მაშინ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი. ადამიანთა ფიზიკური გადარჩენის საკითხი 2012 წლის არჩევნებში ადამიანთა მთავარი ამოცანა იყო. მაშინ საქართველო ეძებდა ალტერნატიულ რესურს როგორც ადამიანურს, ისე – ფინანსურს. 2012 წელს ბიძინა ივნიშვილის გამოჩენა საარჩევნო ველზე ტექტონიკურ ძვრას ჰგავდა, რომელსაც იმედით შეჰყურებდა მთელი საქართველო. მაშინდელმა ხელისუფლებამ გვიან გააანალიზა რეალობა, ივანიშვილის შეუცვლელი ალტერნატოვობა და შეეცადა, გაეყალბებინა არჩევნები. თუმცა, 1-ელ ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე ასიათასობით ადამიანი მივიდა და ამომრჩევლის უპრეცედენტო აქტივობამ, დიდმა უფსკრულმა ამომრჩევლისა და ხელისუფლების ინტერესებს შორის დააყენა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შედეგი. მაშინდელმა სამთავრობო არხებმა ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ ძალიან სწრაფად აღიარეს, რომ ,,ქართული ოცნება“ 10%-ით უსწრებდა მოქმედ ხელისუფლებას. როგორც უნდა გაეყალბებინათ არჩევნები, ის ტოტალურ შედეგზე გავლენას ვეღარ მოახდენდა.
-ოპოზიციური ერთობა დღეს ერთხმად აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა…
-შევადაროთ ახლანდელი ოპოზიცია 2012 წლის ოპოზიციას. მართალია, დღევანდელმა ოპოზიციამ მოახერხა წინასაარჩევნოდ გაერთიანება, მაგრამ შედეგი მათ სასარგებლოდ მაინც ვერ დადგა. დიდი პროცენტით გაყალბებას ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ვერავინ ახერხებდა. მნიშვნელოვნად არჩევნები ვერც ახლა გაყალბდებოდა. 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს ყველაზე ოპოზიციურმა, ფაქტობრივად, პარტიულმა ტელევიზიებმაც კი აღიარეს ხელისუფლების 10-12%-იანი უპირატესობა. ასეთი შედეგი დადო ეგზიტპოლმაც. ეს მაჩვენებელი ვერაფრით გახდებოდა ხელისუფლების შეცვლის რიცხვი და მოცემულობა.
-ამ არჩევნებში ოპოზიციამ უპრეცედენტოდ დიდი ფული დახარჯა.
-მიუხედავად იმისა, რომ დაიხარჯა სოლიდური ფინანსური რესურსი ოპოზიციის მხრიდან, მათ მიერ დასახული ამოცანა მაინც ვერ შესრულდა. ახლა ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა ერთგული ამომრჩევლის წინაშე. მეჩვენება, რომ რასაც ახლა ოპოზიციური ერთობა აკეთებს საპროტესტო აქციების დაანონსებით, მხოლოდ ამომრჩეველთან კეკლუცია და სხვა არაფერი. ცდილობენ ქარიზმატული მოქმედებით ამომრჩევლის შენარჩუნებას. მათი მოქმედების მთავარი სტრატეგიაა, არ დაკარგონ ერთგული ამომრჩეველი.
-რამდენად კონსოლიდებული დარჩება არჩევნების შემდეგ ოპოზიციური ერთობა?
-ოპოზიციამ დაუშვა სერიოზული შეცდომა. ყველა პარტიამ თავი გაიიგივა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“, რამაც განაწყენებულ ელექტორატზე ცუდად იმოქმედა. ქართულ საზოგადოებაში ბოლო ხანია, გაჩნდა მოთხოვნა მესამე ძალაზე. ოპოზიციამ საზოგადოებას ეს მოლოდინი წაართვა და ალტერნატივად საკუთარი თავი შესთავაზა. მესამე ძალის მოლოდინი კვლავ მეორე, უკვე კარგად ნაცნობმა ძალამ ჩაანაცვლა, რომელმაც ვერაფერი ახალი და კრეატიული ვერ შესთავაზა ამომრჩეველს: ძველი სახეები, ძველი ლექსიკა, ძველი ქცევის წესები… უკვე დღეს ,,ნაციონალური“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიციის მარგინალიზაციის დიდი საშიშროება გაჩნდა. დრო ოპოზიციაზე არ მუშაობს და ეს მათ ყველაზე კარგა იციან, რადგან კოვიდინფექცია და ეკონომიკური კრიზისი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის. ახლა დიდი აქციების დრო არ არის.
-მაშინ რატომ ლაპარაკობს ოპოზიცია ასეთი რიხით?
-იმიტომ, რომ არ ვლაპარაკობთ ჩვენ! მათ, ვინც მხარი დავუჭირეთ ხელისუფლებას, გვაქვს იმედი, რომ ოპოზიციის ქმედება წითელ ხაზს არ გადაკვეთს და ყველაფერი მალე მოგვარდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიცია იტყვის: წავაგე, მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ პროცესებში, შევდივარ პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოში ვითხოვ საკუთარი ხედვების რეალიზებას. მაინც მგონია, რომ, საერთო ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიცია გადახედავს საკუთარ პოზიციას და მივა ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე. ამ პროცესში ჩაერევიან უცხოური ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, რომლებიც დაეხმარება ოპოზიციას, მივიდეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებამდე. რაც დრო გავა, ქუჩაში მდგომ ოპოზიციას მით მეტი დანაკარგი ექნება საკუთარ ამომრჩეველთა რიგებში. კიდევ ერთი ეპიდემიური აფეთქება ძირს დასცემს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულ ეკონომიკას და არ შეიძლება, ოპოზიციას ეს არ ესმოდეს.
-რა მოხდება მეორე ტურის არჩევნებზე?
-უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა: როგორც კი ,,ნაციონალები“ იწყებენ ძალის დემონსტრირებას, ,,ქართულ ოცნებაზე“ ყველაზე განაწყენებულ ადამიანებსაც კი ერთვებათ ყოფნა-არყოფნის ინსტიქტი და საარჩევნო ყუთებთან სრულ მობილიზებას ახდენენ. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყონის დროს ეს ნამდვილად მოახერხა. დარმუნებული ვარ, მეორე ტურის არჩევნებშიც ასე მოხდება. სახელისუფლებო პარტიის ის მხადამჭერები, რომლებიც პირველ ტურში არჩევნებზე არც მისულან, მეორე ტურში აუცილბლად გამოცხადდებიან უბნებზე და თავიანთ არჩევანს გააკეთებენ.