ფულადი გზავნილების მოცულობა უცხოეთიდან 28.7 %-ით გაიზარდა
2020 წლის სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 28.7 პროცენტით გაიზარდა და 192.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 22.4 პროცენტით – 25.1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან (270.8 პროცენტით) და უკრაინიდან (208.9 პროცენტით) გაიზარდა, რომელთა წვლილიც მთლიან მოცულობაში 3.6 და 6.0 პროცენტული პუნქტებით აისახა.
ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა.
საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (36.6 პროცენტით), რაც იტალიიდან (38.6 პროცენტით), საბერძნეთიდან (34.7 პროცენტით) და გერმანიიდან (72.3 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა კანადიდან (43.8 პროცენტით) და აშშ-დან (47.2 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.3 პროცენტი) და რუსეთი (18.2 პროცენტი) წარმოადგენდნენ.
ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.