თამარ კიკნაძე: თუ გამოძიების შედეგად ,,ნაცმოძრაობა“ დამნაშავე პოლიტიკურ ძალად დადგინდება, ამომრჩეველი კარგად დაფიქრდება, ვის ან რას აძლევს საკუთარ ხმას

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებსა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ,,კვირა“ პოლიტოლოგს, პროფესორ თამარ კიკნაძეს ესაუბრა:

-როგორი იყო თქვენი მოლოდინი საპარლამენტო არჩევნების წინ და რას ფიქრობთ მის რეალურ შედეგებზე?

-ყველა სოციოლოგიური გამოკითვის მიხედვით, ,,ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნების ლიდერი პარტია იყო. ზოგი მას 50%-იან გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, სხვები- 55-60%-ს. დღეის მდგომარეობით, სახელისუფლო პარტიამ მართლაც 48%-ით გაიმარჯვა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ეს შედეგი კიდევ უფრო გაიზრდება. ,,ქართულ ოცნებას“ მთავრობის დასაკომპლექტებლად 76 საპარლამენტო მანდატი სჭირდება და ამის თეორიული შანსი მას აქვს. თუმცა, პირადად ჩემთვის, არჩევნებში ყველაზე მტკივნეული ,,ნაციონალური მოძრაობის“ 27% და ,,გირჩის“ 3% იყო.

-,,გირჩის“ 3% ბევრისთვის იყო მოულოდნელობა. რით ხსნით მათ ამგვარ შედეგს?

-,,გირჩი“, ძირითადად, ახალგაზრდებზე მუშაობს. ეს პარტია ისეთ ,,ნეგატიურ თავისუფლებასა“ და ულტრალიბერალურ ეკონომიკაზე საუბრობს, რომელიც მიუღებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. რაც მთავარია, ხშირად გვახსენებენ საკუთარ ,,პრადვინუტობას“, აბრახუნებენ ისეთ გვარებსა და თეორიებს, რომლებიც სრულიად დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. ვერაფრით გავიზიარებ იმ ელექტორატის ზედაპირულ შთაბეჭდილებებს, რომლებმაც მხარი ,,გირჩს“ დაუჭირეს.

-არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ,,ნაციონალური მოძრაობა“ უკვე საპროტესტო აქციებს აანონსებდა.

-ყველა ველოდებოდით, რომ არჩევნების შემეგ ოპოზიციის ნაწილი დესტრუქციულ ქმედებებს დაიწყებდა. ახლა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება არჩევნებზე ამერიკაში, რომელიც 3 ნოემბერსაა დანიშნული და მის შედეგებს – იმიტომ, რომ კოვიდინფექციის გამო ამომრჩეველი ხმას ფოსტის საშუალებით აძლევს – დაახლოებით, 2 კვირის შემდეგ შევიტყობთ.

-რა სცენარით შეიძლება, განვითარდეს მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და სადეპუტატო მანდატებს დაყრის?

-თუ ,,ქართული ოცნება“ დააგროვებს იმ უმრავლესობას, რომ პარლამენტმა შეძლოს მუშაობა, ოპოზიციის ბოიკოტი აზრს დაკარგავს. ნებისმიერ შემთვევაში, ოპოზიციის ქმედება დესტრუქციულია, რადგან მხოლოდ პოზიციის მუშაობა პარლამენტში მაინც არასრულყოფილი იქნება. ასე რომ, პოლიტიკური კრიზისის ელემენტები ქვეყანაში უკვე გვაქვს. იმედს ვიტოვებ, მეორე ტურის არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და პარლამენტი შეძლებს მუშაობის დაწყებას.

-ფაქტობრივად, ოპოზიცია იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე იმსახურებს?

-რა პროცენტიც უნდა მიეღო ოპოზიციას, ის მაინც გააპროტესტებდა მიღებულ შედეგს, რასაც წინასწარვე აანონსებდა. დღეს ოპოზიციის მიზანი მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლაა, რომლისთვისაც არცერთ ვარიანტში ხმები არ ჰყოფნით და ეს წინასწარვე ყველასთვის ნათელი იყო. სამწუხაროა, რომ მოსახლეობის 27%-ს დაავიწყდა ის რეჟიმი, რომელშიც ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას მთელს ქვეყანას აცხოვრებდა. შესაძლოა, ნათესავ- მეგობრების ანგარებიანმა ქმედებამ თუ ლოიალურმა განწყობებმაც ითამაშეს არცთუ მორეხარისხოვანი როლი მათი არჩევანისას. ყოველ შემთვევაში, ,,ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მკაცრი ზომები რომ გაეტარებინა ყოფილი ხელისუფლების პარტიის მიმართ, დღეს ეს შედეგი არ დადგებოდა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ,,გავლენის აგენტებად“ კვლავ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და ,,ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილნი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დიდ ნაწილში. აქტიურად ზრდიან მომავალ თაობას და უნერგავენ მათ საკუთარ იდეოლოგიას. თუ ასე გაგრძელა, ცოტა ხანში მივიღებთ ელექტორატის კრიტიკულ მასას, რომელიც ხელისუფლებაში დააბრუნებს ,,ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს აქტიურად ვსაუბრობთ დავით გარეჯის პრობლემასა და ფაქტზე, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ გარეჯის ტერიტორია ანგარებით გადასცა მეზობელ აზერბაიჯანს. აუცილებელია, სამართლებრივად დავადასტუროთ წინა ხელისუფლების ბრალი არა მხოლოდ გარეჯზე, არამედ – 2008 წლის ომის მიზეზებზეც, როგორ მოხდა, რომ 2008 წელს წამოწყებული პროვოკაციული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველომ დაკარგა ტერიტორიათა დიდი ნაწილი. როგორ მოხდა ის, რომ კოდორის ხეობა, რომელსაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ,,ზემო აფხაზეთი“ უწოდა, ძალიან მალე ჩაბარდა რუს სამხედროებს არა მხოლოდ ტერიტორიულად, სამხედრო აღჭურვილობითა და ტექნიკითაც კი, რომელიც ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ძვირად ჰქონდა შეძენილი? როგორ ხდებოდა, რომ, ანტირუსული რიტორიკის ფონზე, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ანტიქართულ საქმეებს აკეთებდა? თუ ამ კითხვებზე გამოძიებით არგუმენტირებული პასუხი იქნება გაცემული, ელექტორატის თვალში ,,ნაციონალური მოძრაობა“ წარდგება დამნაშავე პოლიტიკურ ძალად, რომლის უეჭველი ბრალეულობის მიმართ კითხვები აღარ იარსებებს და ამომრჩეველიც საკუთარი ხმის მიცემის დროს კარგად დაფიქრდება, ვის და რას აძლევს ხმას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები