“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით, აღსანიშნავია მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება აქტივობაში.
“მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი.
სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა.
ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ – ამ დროისთვის, 14:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში.
დილიდან, სულ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების შექმნის და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა – ჩვენ ამაზე წინასწარ ვისაუბრეთ, რომ ეს მოსალოდნელი იყო კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე ბრიფინგი მიუძღვნა ამ ინფორმაციას – ეს ქმედებები რა თქმა უნდა დასტურდება, თუმცა ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ეს პირები და ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ აღწევენ და რა თქმა უნდა, ვერც მომავალში მიაღწევენ.
ცალკე და ხაზგასმით აღსანიშნავია ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება მაღალ აქტივობაში. ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს.
ამ მაღალ აქტივობაში, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი პარტიის წევრებს, ჩვენს აგიტატორებს, რომლებსაც ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.
აქვე, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, საარჩევნო უბნების მიმდებარე ჩვენი აგიტატორების მუშაობა – აქაც ცალკეული მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ ეს წარმოაჩინონ კანონდარღვევად. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს – გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით.
ამომრჩეველთა სიები ცესკო-დან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ პრაქტიკულად ყველა პარტია აწარმოებს იგივე ტიპის სამუშაოებს.
ასევე, სამართალდარღვევას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების ვიდეოგადაღება – აქაც იყო გარკვეული პირების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები, რომ თითქოს ეს იყო კანონდარღვევა და ესეც ნამდვილად არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ საჭიროა კომისიისადმი წინასწარ მიმართვა, ყველა პარტიას შეეძლო ეს გაეკეთებინა – მიემართა კომისიისთვის და ისინი მიიღებდნენ თანხმობას.
ახლა რაც შეეხება რეალურად მოსალოდნელ პროვოკაციებს და არა ოპონენტების მხრიდან გამოგონილ დარღვევებს – ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება.
ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას – ნებისმიერი სამართალდარღვევაზე, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე, სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება და დესტრუქციის მოსურნეებს საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა, გარანტიას გაძლევთ არ მიეცემათ და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად.
წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნება” მიმდინარე არჩევნებში დიდი უპირატესობით ლიდერობს და საღამოს ყველა ერთად, კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას.
მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუცია ხმა, მობრძანდნენ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ დიდ გამარჯვებაში”,-განაცხადა კახა კალაძემ.