მიხეილ ჩხენკელი: მეამაყება, რომ მთელ საქართველოში უწყვეტი და ხარისხიანი განათლების მისაწოდებლად სამინისტრომ შეიმუშავა ახალი მექანიზმი და შეამსუბუქა განათლების სისტემაზე Covid-19-ის უარყოფითი გავლენა

მეამაყება იმის თქმა, რომ მთელ საქართველოში უწყვეტი და ხარისხიანი განათლების მისაწოდებლად სამინისტრომ შეიმუშავა ახალი მექანიზმი და ინოვაციური გადაწყვეტილებების გზით შეამსუბუქა განათლების სისტემაზე Covid-19-ის უარყოფითი გავლენა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებულ განათლების მინისტრების ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

კონფერენციის პირველი სესია COVID-19-ს პანდემიის პირობებში განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა. მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს განათლების სისტემის ადაპტაციის გამოცდილება გაუზიარა.

„ჩემთვის დიდი პატივია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებულ განათლების მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. ნება მიბოძეთ გულწრფელი მადლიერება გამოვხატო მოწვევისთვის.
Covid-19-ის პანდემიამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი სამყარო. ახალმა რეალობამ კიდევ უფრო ძლიერი სტიმული მოგვცა, მეტი ძალისხმევა მივმართოთ განათლებისკენ, რომელიც არის ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტური უფლება და მძლავრი მამოძრავებელი ძალა ნებისმიერი ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. ამის დასტურია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს.

გამოწვევებმა, რომლებიც Covid-19-ის გავრცელებას მოჰყვა თან, მოითხოვა ყველა არსებული რესურსის მობილიზება, სწრაფი, მიზანმიმართული და თამამი გადაწყვეტილებების მიღება. მეამაყება იმის თქმა, რომ მთელს საქართველოში უწყვეტი და ხარისხიანი განათლების მისაწოდებლად სამინისტრომ შეიმუშავა ახალი მექანიზმი და ინოვაციური გადაწყვეტილებების გზით შეამსუბუქა განათლების სისტემაზე Covid-19-ის უარყოფითი გავლენა. ონლაინ გაკვეთილებისა და სხვა დისტანციური რესურსების გარდა, სამინისტრომ დაიწყო მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც დღესაც გრძელდება. სატელევიზიო გაკვეთილები ქართულ ენასთან ერთად ეთნიკურ უმცირესობათა ენებზეც ტარდება. გარდა ამისა, ყველა ტელეგაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია დავიცვათ უნივერსალური პრინციპი – არავინ დავტოვოთ განათლების მიღმა,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საპასუხოდ, იმისათვის რომ განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას, საქართველოს განათლების სისტემა იყენებს სწავლების ჰიბრიდულ მეთოდს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეფექტიანად წარმართავს პროცესს წერტილოვანი რეაგირების გზით. ამასთან, უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო მშობლებს დისტანციური სწავლების შესაძლებლობასაც სთავაზობს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ მაღალი შეაფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროსაბჭოს, პანდემიის დროს ფასდაუდებელი დახმარებისათვის.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიამ ნათლად აჩვენა განათლების, როგორც დემოკრატიის მყარი საფუძვლის მნიშვნელობა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის თანამშრომლობა, კოორდინაცია, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური პოლიტიკის გაზიარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკეთესი მომავლის ჩამოყალიბებაში.

კონფერენციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეჟინოვიჩ ბურიჩიმ და ევროკომისარმა ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მარია გაბრიელმა; ხოლო თავიანთი ქვეყნების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს საბერძნეთის განათლებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრმა ნიკი კერამეუსმა და საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან მიშელ ბლანკემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები