ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი: ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ იმართება მათი ქვეყანა; ადრე ასე იყო, მაგრამ ახლა ჩვენ სრულიად საპირისპირო მიმართულებით მივდივართ
“ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ იმართება მათი ქვეყანა. ადრე ასე იყო, მაგრამ ახლა ჩვენ სრულიად საპირისპირო მიმართულებით მივდივართ”, – ამის შესახებ „იმედის“ ახალ პროექტში, გადაცემაში „თბილისის დროით“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა დენიელ დევისმა.
ლონდონიდან ჩართვისას დიპლომატმა, გლობალური კრიზისების ექსპერტმა, იან პრაუდმა დენიელ დევისს „ჰელსინკის კომისიის“ მოთხოვნაზე, რომელიც საქართველოსთვის მძიმე სანქციების დაწესებას ითხოვს, კითხვით მიმართა.
„ჩვენს საუბარს ფონად გასდევს საქართველოში მომდევნო კვირას დანიშნული ადგილობრივი არჩევნები. ჩემი პირველი კითხვის არსი შემდეგია: „ჰელსინკის კომისია“ მოითხოვს საქართველოსთვის მძიმე სანქციების დაწესებას. კერძოდ, ნებისმიერი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ, რომელიც თანამდებობაზეა 2014 წლიდან. ეს კი საინტერესოა, რადგან თარიღი უკრაინის კრიზისის დაწყების პერიოდს ემთხვევა. სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, მგზავრობის აკრძალვებს და სხვა ამგვარ ზომებს. 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ, ვაშინგტონში ისმის მოწოდებები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების სანქცირებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ აირჩევენ ევროპულ გზას.
მგონი, ეს ოდნავ უცნაურია და ამავე დროს, ჩემთვის ეს ჰგავს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. როგორც ჩანს, ვაშინგტონში ქართული პოლიტიკის მართვის სურვილი აქვთ. როგორია თქვენი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით?“ – მიმართა პრაუდმა დენიელ დევისს.
სამხედრო ანალიტიკოსმა, დევისმა საუბრისას 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომი გაიხსენა და მაშინდელ მოვლენებთან პარალელები გაავლო. მისივე თქმით, ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც დასავლეთი ჩაერია უკრაინის შიდა საკითხში.
„ეს უბრალოდ აბსურდულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ იმართება მათი ქვეყანა. ადრე ასე იყო, მაგრამ ახლა ჩვენ სრულიად საპირისპირო მიმართულებით მივდივართ.
თქვენ ახსენეთ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც 2014 წელს დაიწყო – სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენ ჩავერიეთ უკრაინის შიდა საკითხში, როდესაც იქ პროტესტი იყო და ძალადობა ვიხილეთ მაიდანზე. იმის ნაცვლად, რომ უკან დაგვეხია და უკრაინისთვის მიგვეცა საშუალება, რომ თავად გადაეჭრათ პრობლემა, ჩვენ ჩავერიეთ და ავირჩიეთ გამარჯვებული და დამარცხებული. სწორედ ამან გამოიწვია მოვლენების ჯაჭვი, რომელმაც, ფაქტობრივად, გამოიწვია სამოქალაქო ომი უკრაინაში, სადაც ერთი მხარე მეორის, აღმოსავლეთი – დასავლეთის წინააღმდეგ დადგა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოხდა ამის შემდეგ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უბრუნდება პირველ საბედისწერო ნაბიჯს, – ჩვენს ჩარევას უკრაინის პოლიტიკაში 2013-2014 წლებში. რომ არ ჩავრეულიყავით, ეს საკითხი თითქმის აუცილებლად გადაწყდებოდა 2014 წლის თებერვლისთვის ან მაისისთვის. პრობლემა მოგვარდებოდა ახალი არჩევნებით და, შესაძლოა, სისხლის ღვრა არც მომხდარიყო. ყირიმი, სავარაუდოდ, კვლავ უკრაინის ნაწილი იქნებოდა. და, ალბათ, ეს ომი საერთოდ არ გვექნებოდა. მინსკის შეთანხმებების საჭიროებაც არ იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ.
ეს იყო კატასტროფა და ეს მაგალითი უნდა გავითვალისწინოთ. რატომ აინტერესებს ვაშინგტონს საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, რომელიც ამ რეგიონში შედარებით პატარა ქვეყანაა? რატომ გვინდა ქვეყანაში გამარჯვებულის არჩევა? ეს მთლიანად ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
მე ვფიქრობ, რომ როდესაც ვცდილობთ, ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ გავლენა მოვახდინოთ ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს დიდი შეცდომა და ძალის ბოროტად გამოყენებაა“, – განაცხადა დენიელ დევისმა.
წყარო: imedinews