აშშ მზად არის, რუსეთის შესაკავებლად ევროპაში ჰიპერბგერითი რაკეტები განათავსოს
შეერთებული შტატები მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის შეკავების მიზნით, ევროპაში ჰიპერბგერითი რაკეტები განათავსოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენმა.
“ვქმნით ჰიპერბგერით იარაღს. ვქმნით ბალისტიკური რაკეტების სახით მიწოდების სისტემებს, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, დაიცავს ჩვენს მოკავშირეებს და ჩინეთს შეაკავებს. თუ საჭირო გახდა, ასეთ რაკეტებს ევროპაში განვათავსებთ, რომ რუსეთი შევაკავოთ”, – თქვა მან.
მისი თქმით, ასეთი შეიარაღების განთავსებით, მოხდება არა მხოლოდ თავდასხმის შეკავება, არამედ აშშ ისეთ პოზიციაში აღმოჩნდება, როდესაც შეიარაღების კონტროლის შესახებ რეალური მოლაპარაკების წარმართვა იქნება შესაძლებელი.
ო’ბრაიენმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი მზად არის, მსგავსი ზომები მიიღოს ინდოეთ-წყნარიოკეანეს რეგიონში ჩინეთის შესაკავებლად.
მანამდე, პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ ჰიპერბგერით ფრთოსან რაკეტაზე მუშაობს, რომლის გაშვება იქნება შესაძლებელი სამხედრო გემებიდან McDonnell Douglas F/A-18-დან.
მოსალოდნელია, რომ ასეთ შეიარაღებას ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები 2028 წელს მიიღებენ.