ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკამ პროექტ „წიგნიპედიის“ ფარგლებში ქართული საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი ონლაინაქცია გამართა
ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკამ პროექტ „წიგნიპედიის“ ფარგლებში ქართული საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი ონლაინაქცია გამართა.
როგორც ,,კვირას” ეროვნული სასახლიდან აცნობეს, ქართველი საბავშვო მწერლებისა და ქართული საბავშვო წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, დაიგეგმა თანამედროვე საბავშვო მწერლების ონლაინშეხვედრები პატარა მკითხველებთან. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და საბავშვო მწერლები იღებდნენ მონაწილეობას.
თბილისის, გორის, ქუთაისის, ხაშურის, წალკის, მარნეულის სკოლების პატარებთან ონლაინ-შეხვედრები გამართეს საბავშვო მწერლებმა: მარიამ წიკლაურმა, ლელა ცუცქირიძემ, ირმა მალაციძემ, მაკა მიქელაძემ, თამთა გრიგოლიამ, დიანა ანფიმიადმა, გიორგი ჭაუჭიძემ, გივი ჩიღვინაძემ, მაია კარსელმა, ლელა გაბურმა, ნატო დავითაშვილმა, მზია მექერიშვილმა, თამარ გეგეშიძემ, მაია გელაშვილმა.
„ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკაში ქართული საბავშვო წიგნის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს ეწყობა ქართული საბავშვო წიგნისა და პერიოდიკის გამოფენა, ვიწვევთ საბავშვო მწერლებს, მთარგმნელებს, წიგნის ილუსტრატორებს, ბავშვებისთვის დიდი ზეიმია ცოცხალ მწერლებთან შეხვედრა,” – ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის გამგემ, ქეთევან კალანდაძემ.
ქართული საბავშვო წიგნის დღე 2006 წელს, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურად იმართება საქართველოში 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს. აღსანიშნავია, რომ წელს მისი დაბადებიდან 180 წელი შესრულდა.
მარიამ წიკლაური (პოეტი, ქართული საბავშვო წიგნის დღის დამაარსებელი): “ეს იყო იაკობ გოგებაშვილის დღე და დილიდან საბავშვო ავტორები ზუმით, თიმსით, მესინჯერით,სკაიპით და ყველა საშუალებით უამრავ სკოლაში მართავდნენ შეხვედრებს. დღე ბავშვებისთვის უშედეგოდ არ ჩაივლის. მინდა, მათ და ყველა მოსწავლეს ვუსურვო ბედნიერი მომავალი. ქართული საბავშვო წიგნის დღე უნდა იქცეს ყველას დღესასწაულად! “
ლელა ცუცქირიძე (მწერალი, ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის მენტორი): „თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების შეხვედრები სხვადახვა სკოლების მოსწავლეებთან ხელს შეუწყობს როგორც მოზარდების დაინტერესებას ქართული წიგნით, ასევე ქართველი საბავშვო მწერლებისა და ქართული საბავშვო წიგნების პოპულარიზაციას, რაც ასე მნიშვნელოვანია ქართული საბავშვო ლიტერატურის, როგორც დარგის განვითარებისთვის.“
ირმა მალაციძე (მწერალი, ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის მენტორი):„ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც გაიმართა ქართული საბავშვო დღის არსებობის მანძილზე. მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, პატარები გავახაროთ და მოვუწყოთ დიდი ზეიმი.“
მთელი დღის მანძილზე 20 საბავშვო ავტორი 30-მდე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა პროექტ „წიგნიპედიის“ ფარგლებში მომავალშიც აპირებს მკითხველებთან ონლაინ შეხვედრებს, წიგნების ონლაინ-პრეზენტაციებსა და საბავშვო ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების გაშუქებას.