პრემიერი: შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები
“შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდება როგორც საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე – საგანმანათლებლო და სისტემური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
პრემიერმა ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული დაწესებულების დამთავრების შემდეგ ქართველ მეზღვაურებს ექნებათ მაღალანაზღაურებადი სამსახურები როგორც საქართველოში, ასევე – ქვეყნის გარეთ.
„ზუსტად შვიდი თვის წინ, აპრილში ამ შენობის ადგილზე იყო სრულიად განადგურებული ნანგრევები და დღეს აქ არის ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელსაც 1000 სტუდენტის მომზადება შეეძლება. ესენი იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის ქართველი მეზღვაურები, რომელთაც ექნებათ მაღალანაზღაურებადი სამსახურები როგორც საქართველოში, ასევე – ქვეყნის გარეთ.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში განათლება მიღებული მეზღვაურები უდიდესი მოთხოვნით სარგებლობენ საერთაშორისო ფლოტილიებზე, ისინი ცურავენ დღეს სხვადასხვა ოკეანეში, სხვადასხვა დროშის ქვეშ და საქართველოში ყოველწლიურად მათი ეკონომიკური შემონატანი არის 143 მილიონ დოლარზე მეტი. ეს უზარმაზარი დარგია, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ აქ ამ საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისა და 100 წლის შემდეგ ფოთში ბრუნდება საგანმანათლებლო დაწესებულება და ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქალაქისთვისაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.