“პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო, ამით დავზოგეთ შესაძლებლობები”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სწორედ იმიტომ ვითარდება ეკონომიკა და დაიწყო გაჯანსაღება, რომ მკაცრი შეზღუდვები პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში გავატარეთ.
„ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ იცოდა სწორი რეაგირება პანდემიაზე; არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე; არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდოლოგია და ის, თუ როგორ უნდა ემართა მსოფლიოს ვირუსი.
იმ დროს თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და დიდი საფრთხე, ვიდრე დღეს 10 შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო, მოვმზადებულიყავით. ამით დავზოგეთ შესაძლებლობები. დღეს სწორედ იმიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და დაიწყო გაჯანსაღება, რომ ჩვენ პირველი ორი-სამი თვე გავატარეთ ეს მკაცრი შეზღუდვები. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვისაუბრებდით ეკონომიკის აღდგენაზე და ეკონომიკის აღდგენა რომ მიმდინარეობს, ამაზე რიცხვები მეტყველებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.