ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ქვეყნებს პანდემიის პოლიტიზებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ამის შესახებ მან ჟენევაში ბრიფინგზე განაცხადა.
“როდესაც ლიდერები გააზრებულად და სწრაფად მოქმედებენ, ვირუსის ჩახშობა შესაძლებელია. მაგრამ იქ, სადაც არსებობდა ეროვნულ დონეზე პოლიტიკური გახლეჩა – იქ, სადაც მეცნიერების მიმართ გაუგონარი უპატივცემულობა სუფევდა, არეულობა შეინიშნებოდა, გაიზარდა ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამიტომ მითქვამს არაერთხელ, რომ შეწყვიტეთ “კოვიდ19″-ის პოლიტიზება”, – განმარტა გებრეისუსმა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მედიცინის მუშაკების დასაცავად, ამის საუკეთესი მეთოდია ინფექციის გადაცემის რისკების შესამცირებლად ყველა საჭირო ზომის მიღება.
“არავის უნდა “ლოკდაუნი”. მაგრამ თუ გვინდა ამის არიდება, ყველამ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ. პანდემიასთან ბრძოლა ყველას ვალია. ვერ მივაღწევთ ეკონომიკის სასურველ აღდგენას და ვერ ვიცხოვრებთ, როგორც ადრე. შეგვიძლია, მივიყვანოთ ბავშვები სკოლებში – შეგვიძლია ბიზნესის მხარდაჭერა, მაგრამ ყველა კომპრომისებზე უნდა წავიდეთ, კომპრომისებსა და მსხვერპლზე”, – განაცხადა გებრეისუსმა.