რატი იონათამიშვილი: რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდება რადიკალური ოპოზიცია, რომ მანიპულაციებისა და პროვოკაციების მხარეს გადავიდეს
“ცხადია, რადიკალური ოპოზიციისგან მოსალოდნელია ნებისმიერი სახის მზაკვრული გეგმების განხორციელება, მაგრამ ქართული საზოგადოება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლებითაც ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი”.
იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მეთოდები დემოკრატიული პრინციპებისგან შორსაა.
“რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდება რადიკალური ოპოზიცია, რომ გადავიდეს მანიპულაციებისა და პროვოკაციების მხარეს. ისინი ირჩევენ სწორედ ამ მეთოდებს და შორს არიან დემოკრატიული პრინციპებისგან. ასე რომ, ცხადია, მათგან მოსალოდნელია ნებისმიერი სახის მზაკვრული გეგმების განხორციელება, მაგრამ ქართული საზოგადოება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.