ნუნუ მიცკევიჩი: უნივერსიტეტებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ფერაძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოებს დაესწრო და ადგილზე გაეცნო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 ოქტომბრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით, ტრადიციულ ფორმატში მიმდინარეობს.

„უნივერსიტეტებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციის მხრიდან გაზიარებულია პასუხისმგებლობა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ზედმიწევნით არის დაცული სანიტარული ნორმები და ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია საუნივერსიტეტო სივრცეებისთვის“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა უსაფრთხოების რეკომენდაციები, რაც საუნივერსიტეტო სივრცეში პირბადეების ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვასა და თერმოსქრინინგის, ხელის სანიტაიზერებისა და დეზობარიერების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს.

სასწავლო წლის დაწყებამდე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმდა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და იქნა გაცემული შესაბამისი ნებართვა სასწავლო პროცესის აუდიტორიებში წარმართვის თაობაზე. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად გაგრძელდება.
ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყო.

თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.

უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად აწვდიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტინციურად აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები