საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა
საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ის 41 622 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ბოლო ანტირეკორდი 16 ოქტომბერს იყო, როდესაც ქვეყანას 30 ათასი ახალი ინფიცირებული ჰყავდა.
ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოში მაღალ მაჩვენებელს ტესტირების ზრდას უკავშირებენ, რადგან აქამდე მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სტატისტიკაში ვერ ხვდებოდნენ.
ამასთან, ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი შედეგი 14,3% შეადგენს.
ასევე, ვირუსს კიდევ 165 პაციენტი ემსხვერპლა, სულ ეპიდემიის დაწყებიდან 34 210 ლეტალური შემთხვევაა.
ამრიგად, ამჟამად საფრანგეთი ინფიცირების მაჩვენებლით მილიონიან ნიშნულს უახლოვდება – დღეს 999 043 დადასტურებული შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში პირველმა ინფიცირების მილიონიანი ზღვარი გუშინ ესპანეთმა გადაკვეთა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში გუშინ კიდევ 38 დეპარტამენტში გამოცხადდა ე.წ. კომენდანტის საათი.