დიმიტრი ლორთქიფანიძე: კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში მიწათმოწყობის ინსტიტუტის არქივი გაანადგურეს, სადაც დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკები იყო დაცული

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, 2006-2007 წლებში, დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში „საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი საპროექტო ინსტიტუტის“ არქივი მთლიანად განადგურდა. როგორც ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ ამ ინსტიტუტში იყო დაცული ისეთი მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ტერიტორიებთან დაკავშირებით უზუსტეს ინფორმაციას იძლეოდა.
ლორთქიფანიძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.
„2012 წლიდან დღემდე არ გავჩერებულვარ ამ თემასთან დაკავშირებით. ყოველთვის ვაცხადებდი, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორია მუხანათურადაა გაყიდული. მას აქვს კონკრეტული ინტერესები, როგორც პოლიტიკური მდგენელები, ისე  – კულტურული. ერთი მნიშვნელოვანი ინტერესი იყო ის, რომ, მითოსებზე დაყრდნობით, დაინტერესებულ მხარეს უნდა შეექმნა თავისი კულტურული წარსული და მისი დღევანდელი აწმყო უნდა ყოფილიყო დაშენებული ამ წარსული დიდების ნაშთზე, რასაც ალბანური კულტურა ჰქვია. მეორე ინტერესი გამომდინარე იმ საომარი მდგომარეობიდან, რომელიც რეგიონშია, იყო სტრატეგიული სიმაღლეების ხელში ჩაგდება. მოდით, ვნახოთ, დღეს არსებული გამოძიების მასალებიდან, რაც გაასაჯაროვა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მთელ ამ ფართზე 6 სტრატეგიული სიმაღლეა მოქცეული სწორედ იმ მხარის ინტერესების სასარგებლოდ.
გუშინ მე და ჩემი თანაგუნდელები შევიკრიბეთ დევნილთა და განსახლების სამინისტროს შენობასთან, რომელიც 1961 წლიდან 2005 წლამდე იყო „საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი საპროექტო ინსტიტუტი“. რა ინსტიტუზეა საუბარი: ეს იყო სათავო ოფისი, რეგიონებში არსებული, რეგიონული უჯრედების შემაერთებელი მთავარი რგოლი, რომელშიც თავს იყრიდა უმთავრესი მტკიცებულებები. ეს იყო რუკები, მიწათმოწყობის მასალები, მიწათსარგებლობის პოლიტიკიდან გამომდინარე კვლევის შედეგები, რომელიც, ჯამურად, დაცული იყო ძალიან მკაცრი აღრიცხვის საცავებში, არქივებში. აქ იყო ისეთი მნიშვნელოვანი რუკებიც კი თავისი მასშტაბებით, რომელიც უზუსტეს ინფორმაციას იძლევა ტერიტორიებთან დაკავშირებით. სწორედ აქ იყო დაცული 1938 წლის აზერბაიჯანის სსრ-ს და საქართველოს სსრ-ს შორის არსებული სასაზღვრო-სადემარკაციო ხაზის შემცველი რუკა. ეს იყო აბსოლუტურად შეთახმებული, ყოველგვარ დავას მოკლებული დოკუმენტი, რომელზე დაყრდონითაც 1996 წელს უნდა დაწყებულიყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობა. თუ გადაავლებთ თვალს 1994 წელს ალიევისა და შევარდნაძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, იქ პირდაპირ წერია: მხარეები თანხმდებიან, რომ კომისია იხელმძღვანლებს 1938 წელს გამოცემული 1:200 000 -იანი მასშტაბის რუკით. რა ხდება 2006 წელს: ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ერთერთ თავის მნიშვნელოვან საკითხად განიხილავს დემარკაცია -დელიმიტაციის პრობლემებსაც, ვინაიდან სომხეთთან გვქონდა 32 % შეუთანხმებელი საზღვრისა, აზერბაიჯანთან 44%. შეუთანხმებელი საზღვრის მრავალი მონაკვეთი იყო რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის გარკვეული კავშირი არსებობდა.
„კომისიაში ივერი მელაშვილი ჩაირიცხა, როგორც საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი მაშინ, როდესაც მას არ გააჩნდა არანაირი სამეცნიერო ხარისხი. მელაშვილი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა მიწათმოწყობის სახელმწიფო -კვლევით ინსტიტუტში, რომელიც 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის ერთი ბრძნებით გაუქმდა თავისი უნიკალური არქივებით, რომელშიც, ერთი მხრივ, ინახებოდა მე-19 საუკუნის, მეფის რუსეთის დროინდელი სამაზრო რუკები, ეს იყო ერთგვარი კულტურული მემკვიდრეობა, საისტორიო მნიშვნელობის. მეორე მხრივ, ეს იყო მეოცე საუკუნის უნიკალური საცავი, რომელშიც ინახებოდა საიდუმლო რეჟიმს დაქვემდებარებული უნიკალური რუკები, პლანშეტების დონეზე შენახული. მათ ჰქონდათ კლიმატური პირობები, სპეციალური საიდუმლო ნაწილი, რომლთაც მათი განკარგვა ხდებოდა. ჰყავდათ არქივარიუსი, ქალბატონი ეკა გაჯიშვილი. ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოგვეკვლია ყველა მასალა იმ გაუქმებული ინსტიტუტის თანამშრომლებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ადამიანებს შევხვდით, ვესაუბრეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდეთ სახელმწიფოს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები აღმოჩნდა: მათ შორის, ბატონი ივერი მელაშვილი, რომელიც 40 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ ინსტიტუტში, 2003 წელს მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში საზედამხედველო ფუნქციით გადავიდა იმ ტენდერებში მონაწილე შპს-ებზე, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიწის ფართობები უნდა აღერიცხათ. ამ შპს-ებს შორის იყო ერთერთ შპს „გეო“, რომელიც ვანო მერბიშვილთანაა დაკავშირებული. სწორედ ვანო მერაბიშვილსა და ივერი მელაშვილს შორის არსებული კონტაქტი ფიქსირდება 2003 წლიდან. ჩვენ გვაქვს ალბათობის მაღალი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით,  სწორედ ეს კონტაქტი გახდა საფუძველი იმისა, რომ მელაშვილმა მოიპოვა მერაბიშვილის ნდობა და მიუხედავად იმისა, რომ არავითარი აკადემიური ხარისხი არ გააჩნდა, ის გახდა ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. მეორე მხრივ, ასევე ვანო მერბიშვილანაა დაკავშირებული პირი, რომლის უშუალო ხელმძღვანლობასაც საკურატურო დონეზე ახორციელებდა დღვანდელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ დირექტორი, ქალბატონი ეკა გიგაური, რომელიც იმ პერიოდში იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ნატალია ილიჩოვა მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში. მას არ გააჩნია ელემენტარული უნარი, რომ სასამართლო პროცესებზე იმეტყველოს ქართულად. პირს, რომელსაც არ გააჩნია უნარი, სამართალწარმოების ენაზე იმეტყველოს, წარვაგდნეთ სახელმწიფოს ინტერესების გამომხატველ კომისიაში, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს. ჩვენი ვარაუდით, მასზე ზედამხედველობას ეკა გიგაური აწარმოებდა, რომელიც, თავის მხრივ, პირდაპირ ანგარიშვალდებული იყო მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინაშე.
აქ არის კიდევ ერთი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ვინაობა გამომზეურებული. ერთერთმა მოწმემ, ზურაბ ბოჭოროშვილმა, რომელიც ხსენებულ ინსტიტუტში მუშაობდა, განაცხადა, რომ მას შემედეგ, რაც დაიკეტა ეს ინსტიტუტი, 2006 -07 წლებში ის დაიბარეს თავდაცვის სამინისტროში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, სადაც დაისვა ერთი შეკითხვა: ვინმე ხომ არ ფლობდა ინფორმაციას რუკებთან დაკავშირებით , რომელსაც, შესაძლოა, შემხებლობა ჰქონოდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეალურ გეოგრაფიულ-კოორდინატთა სისტემასთან. როგორც ჩანს, გარკვეული ჯგუფი დაინტერესებული იყო ასეთი რუკების მოძიებით. ბატონმა ზურაბმა განაცხადა, რომ ინსტიტუტში  – სადაც მუშაობდა, ასეთი რუკები იყო დაცული. დავით კეზერაშვილის უშუალო მონაწილეობით 3 მაღალჩინოსანი, ოფიცერი გამოჰყვა ბატონ ზურაბს ამ ინსტიტუტში. მათ ნახეს ყველაფერი. ძალიან მალე მთელი ეს არქივი განადგურებული იქნა. მოვიდენ, წაიღეს, გაანადგურეს, ფაქტობრივად, ადგილზე მაკულატურა დატოვეს.
მე, პირადად, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მივაწოდო სამართალდაცველ ორგანოებს. მიცემული მაქვს ჩვენებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურის წინაშეც“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

- რეკლამა -

- რეკლამა -

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები