თამარ გაბუნია ქუთაისის ონლაინ კლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – თამარ გაბუნია ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში ონლაინ კლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
„ამ ცენტრს პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმების მომზადების კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. შეხვედრა კოვიდის მართვაში ოჯახის ექიმების მონაწილეობას ეხებოდა. ექიმების მზაობა მაღალია. ისინი ონლაინ კლინიკების მართვაში მონაწილეობას პირველივე დღიდან იღებენ. მათი მონაწილეობა როგორც ცხელებიანი პაციენტების, ასევე კოვიდ დადებითი პაციენტების მართვაში მომავალშიც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბინაზე მყოფი ყველა მსუბუქი პაციენტი მაღალი ხარისხის კონსულტაციას იღებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.