დღეს გასტონ ბუაჩიძე 85 წლის გახდა და საიუბილეო თარიღს საფრანგეთის ქალაქ ნანტში ხვდება

ქართველ ინტელექტუალთა შორის გასტონ ბუაჩიძეს მუდამ გამოარჩევდა წონიანი სიტყვა და აზრი. მისი ხელიდან გამოსულ ნებისმიერ ლიტერატურულ ტექსტს ეტყობოდა სათქმელის სიღრმე და დახვეწილი გემოვნება, რამაც ამ ბრწყინვალე მთარგმნელს, მწერალსა და მოღვაწეს იმთავითვე მაღალი რენომე შეუქმნა.
21 ოქტომბერს, ბატონ გასტონს 85 წელი შეუსრულდა. იგი ამ თარიღს საფრანგეთის ქალაქ ნანტში ხვდება, სადაც ის ოჯახთან ერთად 1991 წლიდან ცხოვრობს და ნაყოფიერად მოღვაწეობს.
დედამისი გაბრიელა ბრუსი ფრანგი იყო და ამის გამოა, რომ გასტონ ბუაჩიძე ბუნებრივად გაჰყვა ორ მშობლიურ ენას – ფრანგულსა და ქართულს, რომელსაც დაემატა რუსულიც. ასე გახდა იგი სამენოვანი მწერალი და სამივე ქვეყნის კულტურა გაამდიდრა ლიტერატურული მონაპოვრებით.
გასტონ ბუაჩიძემ 1958 წელს დაამთავრა ლვოვის (უკრაიანა) სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1960 წლიდან 1990 წლამდე გასტონ ბუაჩიძე გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი. ამ ხნის განმავლობაში იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ნაყოფიერ მთარგმნელობით და ლიტერატურათმცოდნეობით შრომასაც ეწეოდა. იგი ფრანგულად თარგმნიდა ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშებს და პირიქით, ფრანგული მწერლობის არაერთი ავტორი გავიცანით მისეული ქართული თარგმანებით.
1991–2001 წელს გასტონ ბუაჩიძე გახლდათ ნანტის უნივერსიტეტის პროფესორი. 1995 წელს მან სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „წვლილი ფრანგულ–ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისთვის“.
1998 წელს გასტონ ბუაჩიძე აირჩიეს ბრეტანისა და ლუარისპირეთის ლიტერატურული აკადემიის წევრად, სადაც დღემდე რჩება.
გასტონ ბუაჩიძის თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი ორი ქალაქის, თბილისისა და ნანტის დაძმობილებას . 1999 წელს, მისივე მოწადინებითა და უზარმაზარი მუშაობის შედეგად, ნანტის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ფიროსმანის გამოფენა. ამ ექსპოზიციას მიეძღვნა საგანგებო კატალოგი, რომელიც იხსნება გასტონ ბუაჩიძის ტექსტით: „ფიროსმანი, ლეგენდარული ფერების სიცოცხლე“.
ცნობილმა ფრანგულმა და შვეიცარიულმა გამომცემლობებმა სხვადასხვა დროს დაბეჭდეს გასტონ ბუაჩიძის მიერ შესრულებული თარგმანები ქართულიდან ფრანგულად: „ქართული პროზა დასაწყისიდან დღემდე“
(1998 წელს), გალაკტიონ ტაბიძის „მე და ღამე“ (ლექსების კრებული, 1998 წელს), ილია ჭავჭავაძის „ლექსები და პროზა“ (2009 წელს), ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ (2012 წელს), ამავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში ფრანგულად გამოვიდა აკაკი წერეთლის „ლექსთა კრებული“. 1987 წელს მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად იქნა აღიარებული გასტონ ბუაჩიძის ფრანგულად თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც გაფორმებული იყო რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით.
ფრანგმა მკითხველმა დიდი ინტერესით მიიღო გასტონ ბუაჩიძის სხვა ნაშრომებიც: „ფერები რემბოსთან“ (1991), „ფორთოხალი, ანგელოზთა ოქრო“, აპოლინერის სიტყვათა თამაში“ (1992), „მარი ბროსეს ცხოვრება“ (1998), ნოველა „ვარდები მარგარიტასთვის“ (ორი გამოცემა, 1999 და 2008 წელს), ტრილოგია „ფეხდაფეხ“, „მარკიზ დე კიუსტინის მოგზაურობა რუსეთში“ (2005), „ალექსანდრე დიუმას თავგადასავალი რუსეთში“ (2004), „დაბრუნება საბჭოთა კავშირში ანდრე ჟიდთან ერთად“, და ბოლოს, ტრილოგია „სადღეგრძელო თევზით“ (მისი პირველი ტომი სახელწოდებით
„ფიროსმანი ანუ ირმის განავარდება“ რუსულ ენაზე 1981 წელს 100 000-იანი ტირაჟით გამოიცა თბილისში (რომელიც მთლიანად გაიყიდა იმავე წელს). „ფიროსმანი ანუ ირმის განავარდება“ 2018 წელს ფრანგულად გამოვიდა, ორი მომდევნო ფრანგულად დაწერილი ტომი კი – „ლადო გუდიაშვილი ანუ ფრესკის ზმანება“ და „დავით კაკაბაძე ანუ იმერეთის კვადრატები“ ელის თავის გამომცემელს.
გასტონ ბუაჩიძეს ჰყავს უკრაინელი მეუღლე, სვეტლანა საბუცკაია, ფილოლოგი და მხატვარი, რომელმაც სამი წიგნი დაწერა საქართველოზე: „სუფრა ანუ ლხინის მბრძანებელი“, „მოგზაურობა ფიროსმანის სივრცეში“ და „რუსთაველის ცრემლები“.
ჩვენს სახელოვან იუბილარს ამ დღეებში შევეხმიანე, ერთ კითხვაზე მაინტერესებდა პასუხი, თუ რა არის მისი ცხოვრების ფილოსოფია?
მან სამი სიტყვით მომიგო: „აკეთე, რასაც შეძლებ“.
უაღრესად ღრმა და საგულისხმო სიტყვებია, მართლაცდა, გამოსადეგი ადამიანებისთვის, რომელთა უმეტესობა შეუძლებელს ელტვის და თვალსა და ხელს შუა კი უქრება ნამდვილი მოწოდება.
ვულოცავ ბატონ გასტონს ხელხვავრიელ იუბილეს, მე მას ბედის რჩეულად მივიჩნევ, რადგან უერთგულა საკუთარ კრედოს, მწერლობისა და სიტყვიერების სამსახურს, რითაც მკითხველი საზოგადოების გულწრფელი მადლიერება მოიმკო. განა ბევრ ვინმეს რგებია მსგავსი პატივი, რომ თავისი სიტყვითა და საქმით შეხებოდა და შეწევნოდა სამ უდიდეს ქართულ საუნჯეს: რუსთაველს, ილიასა და ფიროსმანს?! ეს ყოველივე ძალზე ბუნებრივად მოხდა, რადგან თქვენი ბედისწერა ყოფილა.
მრავალჟამიერ, თქვენს ნიჭიერ და ნაყოფიერ გარჯას, ძვირფასო ბატონო გასტონ, მოაზროვნე საქართველო ქედს იხრის თქვენი ღვაწლის წინაშე, სულის სინედლეს და მხნეობას გისურვებთ…

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები