ნათია თურნავა: ბაკურიანში რეკორდულ დროში დავასრულეთ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ნაწილია იმ ახალი პროექტების და სიცოცხლის, რომელსაც ბაკურიანს ვაძლევთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარიულმა კომპანიამ „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა” ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა.

დასრულებული საბაგიროების მუშაობას ადგილზე გაეცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, კომპანია „დოპელმაიერის” დირექტორი ნიკოლოზ გრძელიზე და სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

„რეკორდულ ვადებში დავასრულეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა დიდველზე. უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აგებული სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა ავსტრიულ-შვეიცარიულმა ჯგუფმა „დოპელმაიერ გარავანტამ” განახორციელა. საბაგიროები ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი ინფრასტრუქტული პროექტების და ახალი სიცოცხლის, რასაც ვაძლევთ ბაკურიანს. როგორც იცით, 2023 წელს ბაკურიანი ფრი სტაილში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ახალი პროექტებით ვპასუხობთ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, 2021 წელს ბაკურიანი უკვე უმასპინძლებს პირველ შეჯიბრს ახალი საბაგიროებისა და ახალი ტრასების მეშვეობით. ეს იქნება პირველი სატესტო ღონისძიება ქროსის დისციპლინაში, სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი.

„გარდა ამისა, მოხდა ბაკურიანის ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული განვითარება, აშენდა შემოვლითი გზა, რეაბილიტირდა ახალი გზა მიტარბამდე და კოხტამდე, გაკეთდა ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, იგეგმება რეკრეაციული ზონების განახლება. ყველაფერი ეს მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, რომ ვუმასპინძლოთ ბაკურიანში მეტ ტურისტს, რა თქმა უნდა უსაფრთხოების ზომისა და წესის დაცვით. გარდა ამისა, მთლიანად საქართველო უკვე დატანილი იქნება მსოფლიო დონის სპორტული შეჯიბრებების რუკაზე”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, შესაბამისად, საბაგიროების მშენებლობა და ყველა ის პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. ეს იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუმჯობესებული სერვისებით მოემსახურება ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას.

საბაგიროები არის 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში პირველ ეტაპზე საათში 5 400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7 200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი გააჩნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები