ზურაბ ბატიაშვილი: საქართველოზე სამხედრო კორიდორის გაჭრა ერთ-ერთი შესაძლებლობაა და არა – აუცილებლობა

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში ამერიკის შეერთებული შტატებიც ერთვება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, 23 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. რატომ გააქტიურდა აშშ საომარი მოქმედებები დაწყებიდან მხოლოდ მესამე კვირაში? ამ და სხვა საკიხებზე „კვირა“ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

სომხეთ – აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში აშშ ერთვება, რატომ ახლა და არა დაპირისპირების საწყის ეტაპზე?

საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში დაიწყო იმ დროს, როცა აშშ-ს ყველაზე ნაკლებად სცალია ყარაბაღის კონფლიქტისთვის. მოგეხსენებათ, ამერიკაში ახლა ძალიან აქტუალურია კორონავირუსი და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები. აქტიურ ფაზაშია წინასაარჩევნო კამპანიაც. ტრამპს წინასაარჩევნოდ უჭირს და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რომ ყარაბაღი აშშ-ის ხელისუფლებისა და ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში ვერ იქნებოდა. ფაქტია ისიც, რომ კონფლიქტი დროში ძალიან გაიწელა, მსოფლიო თანამეგობრობა აშშ-ის რეაქციას ელოდება და სომხური დიასპორაც ძალიან აქტიურობს. ამ ყველაფრის უგულებელყოფა და ვერდანახვა ტრამპის ადმინისტრაციას უბრალოდ აღარ შეეძლო. შესაბამისად, ჩაინიშნა შეხვედრა საპირისპირებულ მხარეებს შორის. როგორც ვიცი, სომხური მხარე თანახმაა, აზერბაიჯანს თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, თუმცა, ვფიქრობ, რომ უარს არ იტყვის. რა ფორმატი ექნება ამ შეხვედრას, ესეც უცნობია. თუმცა, ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

სომხეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსეთი უარს ამბობს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაზე. გარდა იმისა, რომ ის სომხეთის მოკავშირეა, რუსეთს არაერთი მიზეზისა და საბაბის მოძიება შეეძლო ამის გასაკეთებლად.რა ამოძრავებს და რა მოტივაცია აქვს რუსეთს რატო არ ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში?

გუშინ თურქეთმა დაიწყო სირიაში განთავსებული საკუთარი სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი. მათ გაყვანას რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, ანკარა არაფრის დიდებით არ თანხმდებოდა. დღეს კი მათ უსაფრთხო გასვლას რუსეთი უზრუნველყოფს. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების (სადაც აშკარად გამოჩნდა რუსეთის მხრიდან ერთგვარი წაყრუების პოლიტიკა) ფონზე, თურქეთის ეს უცაბედი გასვლა სირიიდან ბადებს ლეგიტიმურ კითხვას: მოხდა თუ არა გარიგება მოსკოვსა და ანკარას შორის და თუ მოხდა, რას მოიცავს იგი (მაგალითად, ყარაბაღის გარდა, მოიცავს თუ არა იგი საქართველოსაც)? მოკლედ, აშკარაა, რომ რაღაც გარიგება შედგა და რა – ამას დრო გამოაჩენს. რუსების პასიურობა ყარაბაღში ფაშინიანის ფაქტორსაც უკავშირდება. აშკარაა, რომ რუსეთი ფაშინიანს დასავლეთთან ,,ფლირტის,, გამო სჯის და სჯის აზერბაიჯანის ხელით.

იყო მოსაზრება, რომ თუ საჭიროებას დაინახავდა, რუსეთს საქართველოზე შესაძლოა, ე.წ. სამხედრო კორიდორი გაეჭრა, რითაც საქართველო, ფაქტობრივად, ომში იქნებოდა ჩათრეული. გადაიარა ამ საფრთხემ?

ამის თქმა გადაჭრით შეუძლებელია. ვერც იმას ვიტყვით, რომ თუ რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას გადაწყვეტს, ამას აუცილებლად საქართველოს გავლით გააკეთებს. როგორც ცნობილია, სომხეთში რუსეთის საკმაოდ ძლიერი სამხედრო ბაზა დგას. ახლახან რუსეთმა კასპიის ზღვაში სამხედრო სწავლებები დაიწყო, ბაქოსთან ახლოს და თუ აზერბაიჯანზე თავდასხმას გადაწყვეტს, ამის გაკეთება ზღვიდანაც შეუძლია. გარდა ამისა, არსებობს ირანიც, საიდანაც რუსეთს თავისუფლად შეუძლია, კონფლიქტის რეგიონს დაუკავშირდეს. საქართველოზე სამხედრო კორიდორის გაჭრა ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება და ამის აუცილებლობა შესაძლოა, არც დადგეს დღის წესრიგში.

არსებობს მოსაზრება, რომ თუ კონფლიქტი ისე დასრულდება, როგორც ეს აზერბაიჯანს სურს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს, საქართველომ შესაძლოა, სატრანზიტო კორიდორს ფუნქცია დაკარგოს?

ჯერ ერთი, ეს პროცესი დროში დიდხანს გაიწელება და შერიგება დაპირისპირებულ მხარეებს შორის მყისიერი არ იქნება. ასეც რომ მოხდეს, საქართველოს თავისი ფუნქცია, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, დამკვიდრებული აქვს და მისი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ყარაბაღის გარეშეც სომხეთს თურქეთთან საკმაოდ რთული ურთიერთობები აქვს. იქნება ეს თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის საკითხი თუ სასაზღვრო პრობლემები. როგორც ცნობილია, სომხეთი ყარსის ხელშეკრულებას, რომლითაც რეგიონში საზღვრები გაივლო, სომხეთი არ აღიარებს. მოკლედ ძალიან ძნელია, რომ ახლო მომავალში სომხეთმა სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი მოირგოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები