ქვეშეთი-კობის გზა – ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ტურიზმის განვითარების ახალ პერსპექტივას აჩენს
უახლოეს მომავალში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს პროექტის განხორციელებას, რომელიც ხადის ხეობასა და ზოგადად, სტეფანწმინდის რეგიონს მთავარ პრობლემას მოუხსნის. ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენების შემდეგ, რეგიონი ზვავსაშიშ პერიოდში მთელს საქართველოს მოწყვეტილი აღარ იქნება და უსაფრთხო გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.
ადგილობრივი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გარდა, ეს გზა რეგიონს ტურისტული თვალსაზრისითაც განავითარებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი, ალექსანდრე ონოფრიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მისი თქმით, ისეთი პროექტისათვის, როგორიცაა ქვეშეთი-კობის ახალი გზა, სახელმწიფოს აუცილებლად უნდა აეღო გრძელვადიანი, უპროცენტო საგარეო ვალი, რადგან ამ პროექტით რეგიონში შემოდის მდგრადობა. ალექსანდრე ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი თავისთავად გულისხმობს მეტ ინვესტიციას და ქვეყანა სწორედ ასეთი პროექტებით უნდა გაძლიერდეს.
„ეს პროექტი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დასაქმდება უამრავი ადამიანი. გარდა ამისა, გაიზრდება რეგიონში გზის გამტარუნარიანობა. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ სტეფანწმინდა აღარასდროს იქნება მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს ზვავსაშიშ პერიოდში, ზამთარში. ეს რეგიონი მუდმივად იქნება გახსნილი და ექნება წვდომა როგორც დედაქალაქთან, ისე – სხვა რეგიონებთან. როგორც იცით, ზვავსაშიშროების გამო, არსებული გზა, ჯვრის უღელტეხილი, ხშირად იკეტება და რეგიონი სრულად არის მოწყვეტილი ცივილიზაციას,“ – განმარტავს ალექსანდრე ონოფრიშვილი.