“დღეს არის მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაში, ამოცანა არის, რომ არსებობდეს დაახლოებით, 800-დან 1000-მდე თავისუფალი საწოლი”

მთავრობამ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულად ინფორმაციის მიწოდება მოხდება საზოგადოებისთვის საგანგებო რეჟიმში, იმისთვის, რომ ინტერპრეტაციისთვის არ დარჩეს სივრცე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანა ბევრად მეტად არის მზად, რომ გაუმკლავდეს გაზრდილი რაოდენობის ინფიცირებულების მკურნალობას, ვიდრე ეს იყო ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე.

„რაც შეეხება მზაობას, დღეს ვართ უკეთესად მომზადებულები, დღეს სისტემა მზად არის, რომ ამ რაოდენობის ინფიცირებულებს გაუმკლავდეს, მაშინ, როდესაც კლინიკური მართვის ახალი მოდელი გვაქვს შეთავაზებული, რაც გულისხმობს პაციენტების გადანაწილებას კოვიდ-სასტუმროებში, სახლებსა და საავადმყოფოებში. დღეს ვაკეთებთ იმაზე მეტ ტესტს, 60-ჯერ მეტი ტესტი კეთდება დღეში, ვიდრე კეთდებოდა მარტსა და აპრილში. მაშინ იყო დღეში დაახლოებით 200, დღეს არის დაახლოებით 12 000. დღეს არის დაახლოებით, მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაში, რომელთა გარკვეული ნაწილი ბუნებრივია დაკავებულია, თუმცა ამოცანა არის, რომ არსებობდეს დაახლოებით 800-დან 1000 საწოლამდე, თავისუფალ საწოლზეა საუბარი მზადყოფნაში და ეს პროცესი იმართოს. ეს ციფრები ბუნებრივია იცვლება ყოველდღიურად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ – კლინიკური მართვის ახალი მოდელი გვაქვს, ვიღაც ეწერება საავადმყოფოდან, ახალი პაციენტი შემოდის, მაგრამ დღეის მდგომარეობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი ამ ნაწილში იმართება. ელემენტარულად, პრემიერი საუბრობდა ამაზე და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა – პირველი ტალღის დროს, ჩვენ, ელემენტარულად პირბადეების საშუალება არ გვქონდა, რომ მოქალაქეებისთვის პირბადეები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ბუნებრივია აქაც დიდი სხვაობაა, ტესტირება, კლინიკური მართვის მოდელი, რომელიც სახელმწიფოს აქვს შეთავაზებული, რეანიმატოლოგების ჯგუფი. ბუნებრივია, რომ გარკვეული უკმაყოფილება არის, პანიკის ნიშნები როცა არის, როდესაც მატებაა ციფრებში. გვახსოვს ჩვენ საწყის ეტაპზე 144-თან დაკავშირებით იყო მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები რომელიც გამოვასწორეთ, ამიტომ გვესმის ეს ყველაფერი, ვხედავთ, ამას არ გავურბივართ, მთავარია ეს პრობლემები დროულად მოვაგვაროთ და ამაზე ვმუშაობთ. საზოგადოებას აქვს კიდევ რაღაც ინფორმაციის ნაკლებობა, ამასაც კარგად ვაცნობიერებთ, მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლები და ინფორმაცია ვებ-გვერდზე განთავსებულია და ამაზეც ძალიან მალე კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას – სახლში როგორ უნდა მიხედონ თავს, 112-ზე რა შემთხვევაში უნდა დარეკონ და ა.შ.,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები