ნინო ლომჯარიამ და თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ცესკო-ს მზადყოფნა განიხილეს
19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა და კომისიის წინაშე მდგარ ამოცანებსა და სავარაუდო დაბრკოლებებს გაეცნო.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცესკო-ს მზადყოფნა სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.
სახალხო დამცველი განსაკუთრებით სტაციონარებში, კარანტინსა და იზოლაციაში მოთავსებულ მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დაცვის საკითხებით დაინტერესდა.
შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებებსა და მათთვის საარჩევნო გარემოს მორგების საკითხებზეც ისაუბრეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მათი ხმები არ დაიკარგება. თუ ამომრჩევლები და საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები ზედმიწევნით დაიცავენ უსაფრთხოების დადგენილ წესებს როგორც კენჭისყრის შენობაში, ასევე, მის გარეთ, ვფიქრობ, რომ ინფექციის გავრცელების საფრთხე საგრძნობლად შემცირდება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასასრულ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე – გიორგი ბურჯანაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი – გიორგი ძაგანია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.