ბრიტანელი ექიმები: კორონავირუსს შეუძლია სმენის ხანგრძლივი დაქვეითების გამოწვევა

ბრიტანეთში 45 წლის კოვიდინფიცრებულმა მამაკაცმა სმენა მთლიანად დაკარგა, რაც ექიმების თქმით, მათ პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, – წერს BBC.

სპეციალისტები ამბობენ,რომ სმენის მოულოდნელი დაქვეითება გართულებული ვირუსული ინფექციის შემდეგ, ზოგჯერ შეინიშნება, თუმცა კოვიდ19-ის შემთხვევაში მსგავსი ჯერ არ მომხდარა.

ამასთან, ოტორინოლარინგოლოგები ამტკიცებენ, რომ სმენის დაქვეითების არიდება შესაძლებელია სტეროიდების დროული მიღებით.

BBC წერს, რომ 45 წლის მამაკაცი, რომელსაც ასთმა ჰქონდა, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდ19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ანალიზებმა ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა და მამაკაცი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიუერთეს, მას ასევე რამდენიმე პრეპარატი დაუნიშნეს, სისხლის გადასხმა გაუკეთეს და 30 დღის მკურნალობის შემდეგ ის აპარატიდან მოხსნეს და რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს.

თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, პაციენტს ყურებში შუილი აღენიშნა და ის მოულოდნელად მარცხენა ყურით დაყრუვდა.

კვლევამ აჩვენა, რომ სმენის დაქვეითება გამოწვეული იყო ან ნერვის, ან საშუალო ყურის დაზიანებით, ან ორივე მიზეზით, მაგრამ არა ანთებითი პროცესის გამო.

სტეროიდული ტაბლეტებით მკურნალობის შემდეგ, მამაკაცს სმენა ნაწილობრივ დაბრუნდა, თუმცა მთლიანად ვერ აღდგა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსმა, შესაძლოა ყურის გარკვეულ უჯრედებში ზედაპირზე არსებული რეცეპტორების საშუალებით შეაღწია და მათი ინფიცირება გამოიწვია.

ამიტომ, ექიმებს მიეცათ რეკომენდაცია კორონავირუსით ინფიცირებულებში სმენის პრობლემებს მიაქციონ ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები