ეს გახლავთ პროექტი, რომელიც თბილისის უნიკალური სივრცის შექმნას ემსახურება – თემურ ტყემალაძე ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტზე

„ჩვენთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი პატივია ის უდიდესი ნდობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ” გამოგვიცხადა”, – განაცხადა ფონდის „განვითარება და გარემო” თავმჯდომარემ, თემურ ტყემალაძემ ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც თბილისის უნიკალური სივრცის შექმნას ემსახურება. როგორც ტყემალაძემ განაცხადა, ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტის საზოგადოებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. პროექტის ხელმძღვანელმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს”, მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ასევე თბილისის მერს კახა კალაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს და აღნიშნა, რომ ამ თანადგომის გარეშე პროექტს არსებობა გაუჭირდებოდა.

„ეს არის ისტორიული მისია ჩვენთვის და უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ეს პასუხისმგებლობა არა მარტო მე, არამედ ყველას ეკუთვნის, მთლიანად ჩვენს გუნდს, ჩვენს ქვეყანას, რომ სწორად ვიცხოვროთ, სწორად ვიაროთ და მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას. ეს უნიკალური პროექტი დაწყებულია თითქმის ერთი საუკუნის უკან, დიდი ქართველის, ჩვენი საამაყო პიროვნების ნიკო კეცხოველის მიერ.

ამ პროექტმა შეინახა დღევანდელი მდგომარეობა მთაწმინდაზე და თავისი როლი ითამაშა. მოგეხსენებათ, დრო გადის და განსაკუთრებით 90–იანი წლების შემდეგ ძალიან რთული ვითარება გახლდათ ყველა მხრივ, რამაც ძალიან დიდი დაღი დაასვა აღნიშნულ ტერიტორიას და მე ვიტყოდი რომ დღეს, თითქმის სულზე მივუსწარით, რომ უარესი მდგომარეობა არ შექმნილიყო და გადაგვრჩინა ეს ტერიტორია. ზუსტად ამ დროს წარმოიშვა აზრი და გაჩნდა ნება, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო. მე ბედნიერი ვარ, და ვამაყობ იმით, რომ ჩვენ და ჩვენი პროექტის თანაავტორები და გვერდით მდგომები ამ ისტორიულ მისიას ვასრულებთ” – განაცხადა თემურ ტყემალაძემ.

მისი თქმით, პროექტის მიზანი თბილისის უნიკალური სივრცის შექმნაა.

„ეს გახლავთ პროექტი, რომელიც თბილისის უნიკალური სივრცის შექმნას ემსახურება, როგორც ეკოლოგიური, ისე ვიზუალური, რეკრეაციული თუ სხვა დანიშნულების უდიდეს ტვირთს ატარებს. ეს არ არის გათვლილი ერთ დღეზე, ეს ჩვენი შვილების, ჩვენი შვილიშვილების ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთდება, რათა ჩვენმა მომავალმა იცხოვროს სუფთა და ჯანსაღ გარემოში. მითუმეტეს დღეს, მოგეხსენებათ ქალაქის ურბანული განვითარება რა მარწუხებში აქცევს მთელ სამყაროს. ზუსტად ახლა, დადგა დრო, რომ ყურადღება მიექცეს ეკოლოგიას.

ეს პროექტი ხდება როგორც პილოტი და მომავალში ჩვენი თბილისის განაშენიანების, ქალაქის თვალსაწიერში და ახლომახლო ტერიტორიების გაშენების საუკეთესო ფორმა დ სტიმულატორი. იმიტომ რომ, ჩვენს მომავალს სჭირდება ჯანსაღი ჰაერი, ჯანსაღი ცხოვრება, დასვენება და ასე შემდეგ. ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ პროექტში ჩართულიყო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ჩვენი ახალგაზრდობა სტუდენტები. ეს ჩართულობა ჩვენ ნაწილობრივ შევასრულეთ, მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი პანდემიის გამო შეზღუდულები ვართ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ გავა ცოტა დრო და ყველაფერი თავის მწყობრში ჩადგება და საზოგადოება ჩაერთვება მაქსიმალურად. ვფიქრობ, საზოგადოებრივი მხარდაჭერა იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა მარტო ჩვენთვის, ამ პროექტის წარმატებით შესრულებისათვის,” – განაცხადა თემურ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები