სოსო არჩვაძე: სსფ ის ორგანიზაციაა, რომელსაც ვერავინ დასწამებს მიკერძოებას ან „სენტიმენტებს“ რომელიმე ქვეყნისა და მისი ხელისუფლებისადმი, ამიტომ, უფრო ფასეულია ამ ორგანიზაციის პროგნოზი
,,სსფ ის ორგანიზაციაა, რომელსაც ვერავინ დასწამებს მიკერძოებას ან „სენტიმენტებს“ რომელიმე ქვეყნისა და მისი ხელისუფლებისადმი, ამიტომ, უფრო ფასეულია ამ ორგანიზაციის პროგნოზი”, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის ყოველწლიურ მიმოხილვაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ მოცემული ინფორმაცია.
მისი თქმით, სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებელი 1.3-ჯერ აღემატება ეკონომიკური ზრდის 2013-2019 წლების საშუალო წლიურ მაჩვენებელს.
“საქართველოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ექნება ეკონომიკური ზრდის (+5.5%) ყველაზე მაღალი დონე რეგიონის ქვეყნებს შორის 2021-2025 წლებში, ხოლო 2021-2022 წლებში – ცალსახად ევროპის, შავიზღვისპირეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორისაც. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ზემოხსენებული საპროგნოზო მაჩვენებელი 1.3-ჯერ აღემატება ეკონომიკური ზრდის 2013-2019 წლების საშუალო წლიურ მაჩვენებელს. ეს ადასტურებს იმ სტრატეგიის სისწორეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, მიმართავს პანდემიით გამოწვეული ზარალის მინიმიზაციის, ეკონომიკური საქმიანობის მაქსიმალური მხარდაჭერისა და აქტივიზაციის ასამაღლებლად”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციაა, რომელსაც ვერავინ დასწამებს მიკერძოებას ან „სენტიმენტებს“ რომელიმე ქვეყნისა და მისი ხელისუფლებისადმი, ამიტომ, მით უფრო ფასეულია ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგნოზი ეკონომიკის განვითარების პირობებზე, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, რომელიც ყოველი ქვეყნის განვითარებას „გვერდიდან“ – სამედიცინო მხრიდან უტევს და აფერხებს.
სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წელს 2020 წლის მაჩვენებლის ანალოგიური – 5 პროცენტი იქნება. იოსებ არჩვაძის განცხადებით, ასეთი შეფასება იმ დროს, როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალური მასშტაბით გარდატეხა ჯერ არ მომხდარა, გარკვეული ოპტმიზმის საფუძველს იძლევა, მით უფრო, რომ, მრავალი ქვეყნის მიხედვით, ეკონომიკის 2021 წლის ზრდის ტემპი 2020 წლის ვარდნის აბსოლუტურ მაჩვენებელზე ნაკლები იქნება. ასე მაგალითად, ევროკავშირის მიხედვით მშპ-ის 2021 წლის ზრდის მაჩვენებელი 2020 წლის ვარდნის მაჩვენებლის 2/3-საც კი ვერ მიაღწევს (შესაბამისად, +4.7% და -7.2%); ანალოგიური მდგომარეობაა ჩვენს სამეზობლოში და არა მხოლოდ: აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდის თანაფარდობა წინა წლის ვარდნის მაჩვენებელთან იქნება მხოლოდ 50.0% (+2.0% და-4.0%), სომხეთში, შესაბამისად, – 77.8% (+3.5% და – 4.5%), რუსეთში – 84.6% (+44.% და – 5.2%), უკრაინაში – 41.7% (+3.0% და -7.2%)…
„ამჟამად, საქართველოს პარლამენტში განხილვის სტადიაში მყოფი პირველი წარდგენით შესული 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, გათვალისწინებულია სამთავრობო ვალის შემცირების ტენდენცია, მაშინ – როდესაც პანდემიით მიყენებული ზარალის გამო მთელი რიგ ქვეყნებს (რუსეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ესტონეთი და ა.შ.) ვალის სიდიდე კვლავაც ეზრდებათ.
ეკონომიკური ზრდის მზარდი ტემპი და საგარეო ვალის შემცირების ტენდენცია წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს პირობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ექსპერტმა.