იოსებ არჩვაძე: სექტემბერში ექსპორტის, იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემები წლის გავლილი ცხრა თვისთვის საუკეთესოა
“2020 წლის პირველ ცხრა თვეში ექსპორტი შემცირდა მხოლოდ 12.1 პროცენტით, იმპორტი კი – 15.9 პროცენტით. ამ გარემოებამ საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებასაც ხელი შეუწყო”, – ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე თავის “ფეისბუქ” გვერდზე 2020 წლის იანვარი – სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს – მონაცემებს.
ექსპერტის თქმით, 2020 წლის სექტემბრის მაჩვენებლები წინა რვა თვის (იანვარ-აგვისტო) შესაბამის საშუალო მაჩვენებლებს ორნიშნა რიცხვით აღემატებოდა.
“საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 8121 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ექსპორტი შემცირდა მხოლოდ 12.1 პროცენტით, იმპორტი კი – 15.9 პროცენტით. ექსპორტით (2403.5 მლნ. აშშ დოლარი) იმპორტის (5717.6 მლნ. აშშ დოლარი) გადაფარვამ აღნიშნულ პერიოდში 42.0 პროცენტი შეადგინა, რაც 2019 წლის იანვარ-სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელს (40.2%) 1.8 პუნქტით აღემატება. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებასაც, რომლის უარყოფითი სალდო აღნიშნულ პერიოდში 752.6 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 3,314.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. სავაჭრო დეფიციტმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ცხრა თვეში საგარეო-სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიუხედავად უშუალოდ სექტემბერში ადგილი ჰქონდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის საგრძნობ ზრდას. სექტემბრის ექსპორტის, იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემები წლის გავლილი ცხრა თვისათვის საუკეთესო იყო. – 2020 წლის სექტემბრის მაჩვენებლები წინა რვა თვის (იანვარ-აგვისტო) შესაბამის საშუალო მაჩვენებლებს ორნიშნა რიცხვით აღემატებოდა. კერძოდ, ექსპორტი – 13.5%-ით, იმპორტი – 13.2%-ით, ბრუნვა – 13.3%-ით. ამასთან, 2020 წლის სექტემბრის ექსპორტის მოცულობა აღემატებოდა გასული, 2019 წლის როგორც საშუალო თვიურ (4.9%-ით), ისე უშუალოდ 2019 წლის სექტემბრის ექსპორტსაც (8.6%-ით).
აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს ექსპორტის და სავაჭრო ბალანსის საგრძნობი გაუმჯობესების პოტენციალს, ქვეყნის ეკონომიკის მზარდ საერთაშორისო კონკურენტუნრიანობას და მდგრადი და დინამიური განვითარებისათვის სათანადო კუმულატიური მუხტის მატებას”, – წერს არჩვაძე.