მარიამ ჯაში: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამა კირიონს, ვიცნობ მას, როგორც გამორჩეულ და ღირსეულ ღვთისმსახურს

„ქართული ოცნება” დავით გარეჯის საკითხს იყენებს ვიწროპოლიტიკური მიზნებისათვის, წინასაარჩევნოდ”, – ასე ეხმაურება „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” გენერალური მდივანი, მარიამ ჯაში დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

ჯაშის თქმით, ფრაქცია ,,დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” ორჯერ მიმართეს აღნიშნული საკითხის პრობლემით როგორც პრემიერმინისტრს, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს.

„საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა წლების მანძილზე თავს არიდებდა საჯარო განხილვებს, რაც მართებული იყო. დღეს კი ყველაზე ხმაურიანი, მიუღებელი ფორმითა და ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებისათვის ყველაზე შეუფერებელ დროს ხდება საჯარო დებატების გააქტიურება. ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა არა პოპულისტური განცხადებებითა და კონფლიქტის გამაღვივებელი მოქმედებებით უნდა გადაწყდეს, არამედ აკადემიური მსჯელობით და ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგით დიპლომატიური სამსახურების ჩართულობით.

თუკი საბოლოოდ დავით გარეჯისა და მიმდებარე ტერიტორიების საკითხი საქართველოსთვის სასიკეთოდ გადაწყდა, ეს უპირველესად საქართველოს ცხუმ აფხაზეთის, კათალიკოს პატრიარქისა და საპატრიარქოს დამსახურება იქნება. არცერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა შეეცადოს პოლიტიკური ქულების ჩაწერას, მითუმეტეს, რომ კონკრეტული ქმედებებით თუ უმოქმედობით, ყველა მთავრობამ დაუშვა შეცდომები.

იქ, სადაც წლების მანძილზე იდგნენ ქართველი მესაზღვრეები, დღეს დგანან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები. მაგრამ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა 1996 წლის შეთანხმების შემდეგ და საზოგადოებას ბევრ კითხვაზე სჭირდება პასუხი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მამა კირიონს წლებია, იცნობს და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამა კირიონს. ვიცნობ მას, როგორც გამორჩეულ და ღირსეულ ღვთისმსახურს, რომელიც მამა გაბრიელის კურთხევით, 25 წელია, ემსახურება დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსს და იბრძვის ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ინტერსების დასაცავად.

ბატონი ივერი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალია ილიჩოვას საქმეზე – ჩვენ უპირობოდ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და წინასწარი შეფასებებისაგან თავს ვიკავებთ. აქვე ვთვლით, რომ არცერთ სახელმწიფო უწყებაში ექსპერტები არ არიან გადაწყვეტილებების მიმღები და, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირები.

დაბოლოს, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გარემო და შესაძლოა დააზიანოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე უნდა შეჩერდეს საგამოძიებო მოქმედებები და მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ექსპერტები პროცესის დასრულებამდე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. არჩევნების შემდეგ, კი გამოძიება რომ არ დარჩეს საარჩევნო პოპულისტურ ნაბიჯად – აუცილებლად უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე”, – აღნიშნა ჯაშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები