“2012 წლიდან, როგორც რაჭაში, ისე კონკრეტულად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის, მევენახეობის, თუ სხვა მიმართულებებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა”

რაჭაში სტუმრობა ყველას გულში განსაკუთრებულ კვალს ტოვებს და ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ასე მოიჩქარიან ამ საოცრების საკუთარი თვალით სანახავად, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, 2012 წლიდან, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც მთლიანად რაჭაში, ისე კონკრეტულად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის, მევენახეობის, თუ სხვა მიმართულებებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა.

“არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი თითოეული კუთხე განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეულია. ამაში არაფერია უცნაური, თუმცა, ნამდვილად „უცნაურია”, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, ის დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა, რაც ადამიანს რაჭის მიმართ უჩნდება, თუკი ერთხელ მაინც ეწვევა ამ ლამაზ და გულღია ხალხით დასახლებულ მხარეს, სადაც სტუმარ-მასპინძლობაც განსაკუთრებული იციან.

ხვანჭკარის არ იყოს, რაჭაში სტუმრობა ყველას გულში განსაკუთრებულ კვალს ტოვებს და ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ასე მოიჩქარიან ამ საოცრების საკუთარი თვალით სანახავად და მდიდარი რაჭული გასტრონომიული კულტურის შესაცნობად.

სამწუხაროდ, არცთუ შორეულ წარსულში, ეს საოცარი მხარე ბედის ანაბარა იყო მიტოვებული. თუმცა, 2012 წლიდან, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამეთანხმებით, რომ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და ამ დროიდან მოყოლებული, როგორც მთლიანად რაჭაში, ისე კონკრეტულად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის, მევენახეობის, თუ სხვა მიმართულებებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც საბოლოოდ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული.

თქვენთან ერთად მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ჩვენ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელთა დაძლევით არა მხოლოდ რაჭა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, არამედ მთელი საქართველო ბევრად უფრო წარმატებული და განვითარებული იქნება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთად დგომის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან მხოლოდ ერთიანი, ეფექტური ნაბიჯებით შევძლებთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი ქვეყნისთვის ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი და წარმატებული იყოს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის! – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები