საქართველოს ეროვნული ბანკი თაღლითობის შესაძლო ფაქტებზე მომხმარებლებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე, ისევ გრძელდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით გათამაშებაში მონაწილეობის მიღების შეთავაზების შეტყობინება ხვდებათ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზება. გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის ითხოვენ პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას, სებ-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარკვეული წესები დაიცვან.
„არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. ასეთ მონაცემბს მიეკუთვნება: საგადახდო ბარათის მონაცემები, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ერთჯერადი ეს-ემ-ეს კოდი, სატელეფონო აპლიკაციით გენერირებული ერთჯერადი კოდი და სხვ. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.
ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებმისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს https:// ან shttp://-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და, ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედ განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე დაშვებული იყოს მართლწერის შეცდომები.
უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შეთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.
გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. WHOIS მომსახურების ვებგვერდზე –https://who.is/, მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.
გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, როდესაც ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებგვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.