„სამშენებლო კომპანია „აქსისმა“ „გადაგვაგდო“, თანხა გადახდილი გვაქვს, ბინებს კი წლებია, ველოდებით“ – მენაშენეები

“სამშენებლო კომპანია „აქსისმა“ მენაშენეთა ერთი ნაწილი „გადაგვაგდო“, თანხები გადახდილი გვაქვს, კუთვნილ ბინებს კი წლებია, ველოდებით”, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „აქსისის“ მენაშენეებმა: გიორგი ფრიდონიშვილმა, მაია მოისწრაფიშვილმა და სიდონია კაპანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი თქმით, დახმარებისთვის მერიას მიმართავენ.
„ჩვენ ვართ „აქსისისგან“ დაზარალებულები. ყველამ იცით, კომპანია „აქსისი“ ჭავჭავაძეზე თაუერს აშენებს. მაგრამ არ იციან, რომ ამ კოპანიას ამდენი დაზარალებული ჰყავს. კომპანია გვეუბნება, რომ 350 ოჯახია დაზარალებული, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მეტია. ყოველდღე გვემატებიან ადამიანები. მაგალითად, მე 2006 წელს შევიძინე ბინა, 2008-ში უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ მშენებლობის დაუსრულებლობა ომს დააბრალეს. ჩვენ მერიასა და მერს ვთხოვთ, ჩაგვრთოს დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერის პროგრამაში და ჩვენი მშენებლობები დასრულდეს. ასევე, გვინდა  ხარჯთაღრიცხვა იყოს გამჭვირვალე. ძირითადად, სამი მშენებარე ობიექტია: საირმის ქუჩაზე, პალასი 1 და პალასი 2 ბახტრიონზე“, – განაცხადა გიორგი ფრიდონიშვილმა.
სიდონია კაპანაძის თქმით, დაზარალებულები საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა კანონიერ გზას მიმართავენ.
„კომპანია „აქსისმა“ „გადაგვაგდო“. კომპანიის დამფუძენებელია ალექსანდრე მეჟევიძე, რომელიც, საქართველოს „ფორბსის“ მიხედვით, 50 უმდიდრეს ადამიანთა შორისაა. „აქსისში“ 2006 წლის გაზაფხულზე შევიტანე თანხა, 2008 წლის 29 აგვისტოს უნდა ჩამბარებოდა ბინა, ეს თანხა სრულად მქონდა დაფარული. ჩემნაირი უამრავი ადამიანია. ჩვენ ყველა კანონიერ გზას მივმართავთ, ეს იქნება სასამართლო, თუ მიტინგები, იმისათვის, რომ ჩვენი ბინები, რომელსაც 14-16 წელია, ველოდებით, ჩაგვბარდეს. თხოვნით მინდა, მივმართო მერს, გახდეს ჩვენი შუამავალი ალექსანდრე მეჟევიძესთან. ჩატარდეს შეხვედრა მერის თანდასწრებით და მან გაგვცეს პასუხი, რატომ ხდება ეს“, – განაცხადა სიდონია კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები