„ვერცხლის ტიხარი თვითონაა კარგი მხატვარი შენს ხელში“ – ხელოვანი „იკორთიდან“ და ახალგორის ლურჯი სუფრის ვარიაციები

„ბოლო დროს ძალიან ხშირად მიწევს საქართველოს რუკის გულსაკიდის გაკეთება, მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. მომხმარებლის დაკვეთაა – ოკუპირებული რეგიონების წითლად გამოყოფა. სიმართლე გითხრათ, არ ვიზიარებ ამ ტენდენციას“…
მისი მშობლიური ქალაქი ცხინვალია. მამა ცხინვალის თეატრის მსახიობი იყო და ის პერიოდი თეატრთან ურთიერთობის დროს განცდილ ძლიერ ემოციებს უკავშირდება.
მღეროდა სკოლის გუნდში, ცეკვავდა ანსამბლში, დადიოდა ცხინვალის მუსიკალურ სკოლაში, თუმცა ბიოლოგიის სიყვარულმა გადააწყვეტინა სწავლის გაგრძელება ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ 90-იანი წლების შემდეგ ცხინვალი დატოვება მოუწია.
დედულეთში – ახალგორის რაიონში, სოფლის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 2008 წლის ომმა კი დედულეთიც დააკარგინა.
ორგზის დევნილი წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს, ტკივილები ტიხრულ მინანქარზე მუშაობამ გაუქარვა. სოციალური საწარმო „იკორთის“ თანამშრომელია. „იკორთა“ წარმატებულია და ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. – ხელოვან მაია გოჩაშვილის პერსონა.

 – ცხინვალში დავიბადე და გავიზარდე. დედა ფილოლოგია, მუშაობდა ქალაქის პირველ საშუალო სკოლაში, მამა- რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ჯემალ გოჩაშვილი, მოღვაწეობდა ცხინვალის თეატრის სცენაზე. მყავს ერთი და და ორი ძმა.
ჩემი თავი ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ იმ პერიოდს უკავშირდება თეატრთან ურთიერთობის დროს განცდილი ძლიერი ემოციები. მამას ხშირად დავყავდი არა მხოლოდ სპექტაკლებზე, არამედ – რეპეტიციებზეც. მქონდა უფლება, შევსულიყავი თეატრის გარდერობში, მომერგო უამრავი ლამაზი ყვავილით, ბუმბულებით გაწყობილი ქუდი და მერბინა ამ ულამაზესი და და ჩემთვის განსაკუთრებული შენობის დერეფნებში; დავმდგარიყავი დიდ სცენაზე, რომელიც ტრიალებს; ფანტაზიისთვის, წარმოსახვისთვის მიმეცა გასაქანი და თავი უბედნიერეს ადამიანად მეგრძნო.
–  სკოლის დროს  ხელნაკეთ ნივთებს თუ აკეთებდით?
ალბათ როგორც ყველა მსახიობის შვილს, მეც მინდოდა არტისტი გავმხდარიყავი, მაგრამ სკოლაში შესვლის შემდეგ აზრი შემეცვალა. სწავლა დავიწყე სკოლაში, სადაც მამა სწავლობდა და რომელსაც ვახტანგ კასრაძის სკოლას უწოდებდნენ. იგი ძალიან განთქმული იყო არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში.
ვმღეროდი სკოლის გუნდში, ვცეკვავდი ანსამბლში, დავდიოდი ცხინვალის მუსიკალურ სკოლაში. კარგად სწავლასაც ვახერხებდი. სასწავლო საგნებიდან განსაკუთრებით ბიოლოგია მიყვარდა, რაც ჩემი უსაყვარლესი პედაგოგის – ჟუჟუნა ბესტაევას დამსახურებაა. ამან განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევანი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 90-იან წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ, მე და ჩემი ოჯახი იძულებული გავხდით, დაგვეტოვებინა ცხინვალი.
სოფელში ბიოლოგიას ასწავლიდით…
– სწავლა განვაგრძე ქალაქ გორში და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩემს დედულეთს – ახალგორს მივაშურე, სადაც ბებია და პაპა ცხოვრობდნენ. ჩემდა საბედნიეროდ, გამომიჩნდა სამსახური- მუშაობა დავიწყე სოფელ ბაზუანის საშუალო სკოლაში პედაგოგად. ეს იყო ჩემი პირველი პედაგოგიური გამოცდილება.დილით 7 საათზე ვდგებოდი. მკაცრ კლიმატურ პირობებში მიწევდა 4 კილომეტრის გავლა, საკლასო ოთახების შეშის ღუმელით გათბობა. სოფლის არაჩვეულებრივ, მშრომელ ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის დაუვიწყარია.
მოგეხსენებათ, 90 იანი წლების რთული პერიოდი- არა გაზი, არა შუქი, სიდუხჭირე…
ჩემი მოხუცების დახმარებით, მაინც ვახერხებდი პრობლემებთან გამკლავებას. ბებო სხვადასხვა ჯადოსნური ხერხით ცდილობდა, რომ ჩვენი მენიუ მრავალფეროვანი ყოფილიყო;
პაპას ღუმელი სულ აგიზგიზებული ჰქონდა. მახსოვს მაგიდაზე მბჟუტავი ჭრაქი, იქვე ახლოს მოფუსფუსე ბებო და პაპა წიგნით ხელში. მე კი ბნელ ოთახში გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი..
ომის მერე დევნილი გახდით… წეროვანის დევნილთა დასახლებაში დედასთან ერთად ცხოვრობთ. ტიხრულ მინანქარზე დაიწყეთ მუშაობა…
– 2008 წლის ომის შემდეგ დედულეთიც დავკარგეთ… ღრმად მოხუცებულ ბებოსთან და დედასთან ერთად ცხოვრება დავიწყე წეროვანის დევნილთა დასახლებაში.
თავიდან ძალიან გამიჭირდა. წარმოიდგინეთ, ტრიალ მინდორზე 2002 ერთნაირი სახლი და რამდენიმე ხე… ჩვენს თავს დამტყდარი თავზარდამცემი განსაცდელის შემდეგ, ცხოვრება ისეთ დასახლებაში, რომელიც ასოცირდება არა მარტო შენი ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიასთან, რთული იყო.
დროთა განმავლობაში, მეგობრების, ნათესავების და ოჯახის წევრების დახმარებით, გონს მოვეგეთ, ძალა მოვიკრიფეთ და მივხვდით, რომ ეს განსაცდელი შეიძლება იყოს კარგი მოტივაცია ღირსეული ცხოვრების გასაგრძელებლად. ამის კარგი მაგალითია არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის”, რომელმაც უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა დევნილთა დასახლებებში. ჩემი ცხოვრების მორიგი საინტერესო ეტაპი, სწორედ ერთ- ერთ ამ პროექტს უკავშირდება.
როგორ დაიწყეთ მინანქარზე მუშაობა? პირველი ნამუშევრები…
– არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნანა ჩქარეულმა მირჩია, მონაწილეობა მიმეღო პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა წეროვანის დევნილი ქალებისთვის ტიხრული მინანქრის ხელობის შესწავლას. თავიდან ძალიან სკეპტიკურად შევხვდი ამ წინადადებას, რადგან ხატვა არ მეხერხებოდა. არადა, მეგონა, რომ ეს გადამწყვეტია ამ საქმეში.
მაინც დავესწარი პირველ გაკვეთილს და მივხვდი, რომ თვით ვერცხლის ტიხარია კარგი მხატვარი შენს ხელში და დიდი მონდომებით დავიწყე ხელობის ათვისება. არ იყო იოლი… გავაკეთე 4 სამკაული და პროექტის დასრულების შემდეგ თანამშრომლად ამიყვანეს სოციალურ საწარმოში, რომელსაც „იკორთა” ჰქვია.
იკორთის მონასტერი ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზეა. ის იყო ქსნის ერისთავების საძვალე. რადგან წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ როგორც დევნილები სამაჩაბლოდან, ასევე ქსნის ხეობიდან, საწარმოსაც ისეთი სახელი შევურჩიეთ, რომელსაც ამ ორ რეგიონთან  საერთო ექნებოდა.
დღეს სოციალური საწარმო „იკორთა“ საკმაოდ წარმატებულია და ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენს სახელოსნოში შექმნილი ნამუშევრები იყიდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სახელოსნოში გვაქვს მასტერკლასი, ვატარებთ ვორკშოპებს უცხოელი და ადგილობრივი დაინტერესებული პირებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან მოდიან მონაწილეები. გარდა ამისა, ჩვენთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც სახელოსნოში დამზადებულ სამკაულებს ჩუქნის უცხოელ სტუმრებს.
თქვენი ნამუშევრები მრავალნაირია, ქართული ორნამენტები, ბოლნური ჯვრები, ყვავილები…
– ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები მრავალფეროვანი იყოს. ვაკვირდები ლამაზ საგნებს, სამშვენისს, ბუნებას, ფერთა შეხამებას, ნახატებს.. ეს ძალიან მეხმარება ნამუშევრის კონცეფციის შექმნაში.
სოციალურ საწარმო „იკორთაში“ მუშაობთ. გაქვთ გვერდი:  Ikorta Enamel Jewelry Studio…
– ბოლო დროს ძალიან ხშირად მიწევს საქართველოს რუკის გულსაკიდის გაკეთება, მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. მომხმარებლის დაკვეთაა – ოკუპირებული რეგიონების წითლად გამოყოფა. სიმართლე გითხრათ, არ ვიზიარებ ამ ტენდენციას, ვინაიდან ეს არის ჩვენი წარსული და აწმყო. მე ვთვლი, რომ უნდა ვიფიქროთ იმ არაჩვეულებრივ მომავალზე, როცა საქართველო ერთიანი იქნება.
– თავად თქვენი ნახელავიდან რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
ჩემი ნამუშევრებიდან გამოვარჩევ ლურჯი სუფრის თემატიკაზე შექმნილ სხვადასხვა ვარიაციას. ძალიან მომწონს ლურჯი სუფრა და მასთან დაკავშირებული ტრადიციის აღდგენა. ჩემს ბავშვობაში მახსოვს, ახალგორში გვქონდა ულამაზესი ლურჯი სუფრა.
– თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით, რომელსაც არ გაყიდიდით?
– რომელ სამკაულს არ გავყიდდი? არ არსებობს ასეთი სამკაული. ყოველი ადამიანის სურვილია, თავისი ხელით შექმნას ლამაზი ნივთი. ტიხრული მინანქარი ამის საშუალებას მაძლევს. ნელა- ნელა, დიდი ძალისხმევით და მოთმინებით იქმნება სამკაული, რომელიც მეც მომწონს და შემდგომში მის მომავალ მფლობელს ანიჭებს სიხარულს, და ეს ჩემთვის ბედნიერებაა.
რას შეცვლიდით თქვენ გვერდით, რომ შეგეძლოთ?
– რომ შემეძლოს, წეროვანში გავაშენებდი რეკრეაციულ ზონას მოსასვენებელი სკამებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონებით, ტრენაჟორებით. სამწუხაროდ, ასეთი დასასვენებელი ადგილი არ გვაქვს.
– ჰობი…
– ჰობი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია მუსიკას – მეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში, სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში. ვუსმენ კლასიკურ ნაწარმოებებს, განსაკუთრებით მიყვარს ჯუზეპე ვერდის შემოქმედება. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემმა მეგობარმა გიტარა, ხოლო ნათესავმა ფორტეპიანო მაჩუქა! ეს მაძლევს მუზიცირების საშუალებას, რაც აგრეთვე ძალიან მიყვარს. ხანდახან სიმღერებსაც ვწერ…
– ოჯახი…
– სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა ომის შემდეგ. ჩემი ოჯახია- დედა, და- ძმა, დისშვილ- ძმისშვილები, რომლებიც ხშირად გვსტუმრობენ წეროვანში და საკმაოდ საინტერესოდ ვატარებთ დროს.
– პანდემიამ ალბათ მაინც ხელი შეგიშალათ სამომავლო გეგმების თვალსაზრისით…
– სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რთული სიტუაციაა კორონავირუსის გავრცელების განო, ამიტომ ჩემი აქტიურობაც შეფერხდა. თუმცა, ვფიქრობ სამკაულების ახალი კოლექციის შექმნაზე და ჩემი პატარა სახელოსნოს განვითარებაზე.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები