„ახალგაზრდა ადვოკატები“: კერძო ბაღები დახურვის წინაშეა, მთავრობის ჩარევის გარეშე კი, შესაძლოა, სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა გაძვირდეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობას მიმართავს, კერძო ბაღების წინაშე მდგარი პრობლემები განხილვის საგნად აქციოს და წარმოებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, შექმნას კერძო ბაღების ერთჯერადი დახმარების მატერიალური პროგრამა, რათა ბაღები არ აღმოჩდნენ დახურვის წინაშე, სკოლამდელი აღზრდის უფლება ხელმიუწვდომელი და სამუშაო ადგილები – შემცირების წინაშე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში, სახელმწიფოს მიერ კერძო ბაღების გაჩერების შედეგად შექმნილმა სირთულეებმა არაერთი კერძო ბაღი დახურვის წინაშე დააყენა. შემცირდა სამუშაო ადგილები. კერძო ბაღის ადმინისტრაციას დამოუკიდებლად უწევთ გაუმკლავდნენ, როგორც იჯარის, ქირის, ასევე სხვა გადასახადებს, აგრეთვე აანაზღაურონ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებმა საქმიანობა, ფაქტობრივად, შეწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო ბაღებმა გამოხატეს მზადყოფნა ზედმიწევნით შეესრულებინათ სახელმწიფოს რეკომენდაციები და განეახლებინათ სააღმზრდელო პროცესი, მთავრობის მხრიდან საგამონაკლისო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

ანა ფუტკარაძის განმარტებით, კერძო ბაღების წინაშე მდგარი პრობლემების დროული გადაჭრისა და სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია, საქართველოში, სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა გაძვირდეს. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო ბაღების დაფინანსების ერთადერთი წყარო ისევ მათი აღსაზრდელია, ბუნებრივია, მათი საქმიანობის შეჩერების პარალელურად, სააღმზრდელო დაწესებულებების არსებობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნათ, რაც ამ დრომდე, კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება. ამდენად, ბავშვების სრულფასოვანი განვითარების, ეკონომიკის ამუშავების, კვალიფიციური ადამიანური რესურსის დაკარგვისა და მშობლებისთვის დამატებითი პრობლების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა პრობლემის სიღრმისეული და მრავალმხრივი გამოკვლევა. ამ კუთხით, მთავრობამ უნდა გადადგას დროული და ეფექტიანი ნაბიჯი. საჭიროა კერძო ბაღების მხარდაჭერა და მათი არსებობისთვის ფინანსური მხარდაჭერა, რაც შეიძლება გამოიხატოს კომუნალური გადასახადების შემცირებაში, სესხის სუბსიდირების, არსებული პრობლემების მოგვარების მიმართულებით, გრძელვადიანი კრედიტის გაცემის უზრუნველყოფით. ცალსახად, ერთის მხრივ გამოწვევაა სკოლამდელი აღზრდის უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მეორეს მხრივ დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნებისა და სამუშაო ადგილების გადარჩენის მიმართულებით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე სამოქალაქო ადვოკატირებას გააგრძელებს. ამასთან, დაეხმარება კერძო ბაღებს შექმნილი პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტირების გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები