“ყარაბაღის ომში საქართველოს ჩარევა და ჩათრევა გამოირიცხება, ამ ეტაპზე ამ საფრთხეს ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
ყარაბაღის ომის შესახებ ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, კონფლიქტის გადაწყვეტის ძირითადი გასაღები რუსეთის ხელშია.
„მოგეხსენებათ, ვითარება ყოველდღიურად იძაბება. საომარი მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს, ერთი, რომ შეიძლება, მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება და აქტიურ საომარ მოქმედებებში გადავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის საბრძოლო მოქმედებები, რეგულარული არმიის ბოლომდე ჩართვა მაინცდამაინც არ შეინიშნება. მეტწილად, ამ ვითარების დაძაბვა დამოკიდებულია იმაზე, საერთაშორისო აქტორები რა პოზიციას დაიკავებენ და რას მოიმოქმედებენ. რამდენიმე საერთაშორისო აქტორია, მაგრამ ძირითადი გასაღები ამ კონფლიქტის გადაწყვეტისა რუსეთის ხელშია. გიუმრის სამხედრო ბაზა არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა. ცხადია, ამ ბაზას თუ ოდნავ რაიმე საშიშროება დაემუქრება, რუსეთი უკვე სხვა ქმედებებს განახორციელებს. ამის მაგალითი გვაქვს სირიიდან.
თურქეთსა და რუსეთს აქვთ თავიანთი ინტერესები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ რუსეთს აწყობს, რომ ცეცხლი შეწყდეს, მას აქვს შესაბამისი ბერკეტები და ამას გააკეთებს.
როცა მეზობელ სახელმწიფოებში ომი მიმდინარეობს, ცხადია, ეს საქართველოსთვის კარგი არაა და ბევრ რამეზე მოქმედებს, მათ შორის, ეკონომიკაზე, ვალუტის კურსსა და სხვა ფაქტორებზე. მაგრამ, ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა, დაახლოებით ვიცი, რასაც ფიქრობს ბევრი ადამიანი – ან რუსეთმა, ან თურქეთმა რომ მოგვთხოვოს სამხედრო ტექნიკის საქართველოს გავლით გატარება . . . ეს ასე ვერ მოხდება. დღეს არ არის ის ვითარება, რომ რუსეთი შემოვიდეს ტანკებით და გაიაროს საქართველოს გავლით. ამას, ჯერ ერთი, სხვა წინააღმდეგობებიც შეიძლება, მოჰყვეს. საერთაშორისო თანამეგობრობასაც ნუ გამოვრიცხავთ, ასე ადვილად არ დაუშვებს არც რუსეთის, არც თურქეთის „გასეირნებას“ საქართველოს ტერიტორიაზე. ამას უნდა საქართველოსთან მთელი რიგი შეთანხმებების მიღწევა. ამისთვის პარტნიორები უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვართ პარტნიორი სახელმწიფო რუსეთთან მიმართებით. უფრო მეტიც, მასთან ბევრი დავა გვაქვს. ბოლოს, ყველაზე საინტერესო: რატომ უჩნდება ადამიანებს ილუზია იმის თაობაზე, რომ ან გიუმრის ბაზას აკლია შეიარაღება და ტექნიკა ან სომხეთს ან აზერბაიჯანს? ჯერჯერობით, არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს საიმისო არაფერი სჭირს, ვინმეს დახმარება დასჭირდეს ამ ომის დროს, თავიანთი რეგულარული ჯარები ჰყავთ და შეუძლიათ, ეს ბრძოლა აწარმოონ, სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩარევა და ჩათრევა ომში გამოირიცხება, ამ ეტაპზე ამ საფრთხეს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის 27 სექტემბერს, გამთენიისას განახლდა.
თამუნა შეყილაძე