თამარ კიკნაძე – “ამერიკა ჩინურ საფრთხეზე ალაპარაკდა, დღეს ამერიკის დროშაც კი ჩინეთში იკერება“
2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მის მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებზე კავკასიის რეგიონში, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა პირველ ტელედებატებზე “კვირასთან“ საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერების დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე საუბრობს:
– ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში მნიშვნელოვნად შეცვლის თუ არა ამერიკის პოლიტიკურ ორიენტირებს, მათ შორის, კავკასიაში?
– ნოემბრის არჩევნები დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ კავკასიის რეგიონზე, არამედ – მთელს მსოფლიოზე, ამიტომაც, მას ყველა ქვეყანა დიდი ყურადღებით აკვირდება. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკული პოლიტიკური კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. “ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ამერიკა ზესახელმწიფოდ, ხოლო დოლარი მსოფლიოს ფულად ერთეულად იქცა.
– ტრამპის რადიკალურმა პოლიტიკურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკულ პოლიტიკურ წრეებშიც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია…
– მსოფლიო ჰეგემონი ქვეყნების პოლიტიკური ცხოვრება ციკლებად იყოფა. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს დაღმავალი ციკლი აქვს, ტრამპი კი კრიზისმენეჯერია, ძველ როლს მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგში ამერიკა ვეღარ ასრულებდა. ცვლილებები გარდაუვალი ხდებოდა. ამიტომაც, კრიზისმენეჯერი იძულებული გახდა, რადიკალურად შეეცვალა პოლიტიკა. “გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი“, – ტრამპის სამოქმედო ლოზუნგად იქცა.
– ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკაში დიდი ეკონომიკური ცვლილებებიც დაიწყო.
– პრეზიდენტი შეეცადა, დაებრუნებინა ამერიკული საწარმოები ამერიკის ტერიტორიაზე, რომელთა უმრავლესობა დღეს ჩინეთსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებშია განლაგებული. გლობალისტი ფინანსისტები დოლარის საშუალებით ამერიკის ჰეგემონიას უზრუნველყოფდნენ. ბოლოს და ბოლოს, ,,ამერიკულ ფინანსურ ბუშტს“ გახეთქვის საფრთხე დაემუქრა. ტრამპი არ გახლავთ საბანკო კაპიტალის წარმომადგენელი, ის მშენებელია, პროდუქციის შემქმნელი, ამიტომაც, ამ პრობლემას არა საფინანსო ორგანიზაციათა ინტერესით, არამედ მწარმოებლის ინტერესით მიუდგა.
-მსოფლიო შეიცვალა. 21-ე საუკუნეში ახალი ზესახელმწიფოები გაჩნდა, რომელსაც, თუნდაც ისეთმა ზესახელმწიფომ, როგორიც ამერიკაა, ანგარიში უნდა გაუწიოს.
– ყველაზე დიდი საფრთხე ამერიკისთვის ჩინეთია. ის 21-ე საუკუნის დასაწყისში ისე გაძლიერდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველ კონკურენტად იქცა. ჩინელები თავის თავს ,,რბილ ეკონომიკურ ძალას“ უწოდებენ, რომლებიც ამერიკასთან კონკურენციაზე არ საუბრობენ, თუმცა, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ მისი ეკონომიკისთვის. ტრამპი ხშირად საუბრობს ჩინურ საფრთხეზე. ამერიკამ ერთ დღესაც “მოულოდნელად“ აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში გასაყიდ ანტიბიოტიკთა 97% ჩინეთში მზადდება და, რაც ყველაზე დიდი პარადოქსია, თვით ამერიკის დროშებსაც კი ჩინეთი კერავს! ტრამპის პრეზიდენტობის დროს უმუშევრობა 8%-ით შემცირდა, დასაქმებულთა რიცხვი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ტრამპი პრეზიდენტის სავარძელს შეინარჩუნებს, მისი ეკონომიკური აღმავლობის კურსი კვლავ შენარჩუნდება.
– ტრამპს აქვს ქარიზმა, არის არაორდინალური და გამბედავი, ამიტომაც, ის არა მხოლოდ ამერიკელთა, ქართველთა სიმპათიასაც იმსახურებს.
– ტრამპი ტრადიციული ღირებულებების მატარებელია, რასაც ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებულ პატივს ვცემთ. ლიბერალები საკუთარი ღირებულებების დამკვიდრებისას ძალზე შორს წავიდნენ. დღეს მათი ფასეულობები საფრთხეს უქმნის ტრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს. მარტო გერმანელმა ჟურნალისტებმა თავიანთ ქვეყანაში 60-ზე მეტი გენდერი დაითვალეს. ამიტომაც, უმრავლესობაში მყოფ ადამიანებს გაუჩნდათ პროტესტი უმცირესობაში მყოფი ადამიანების დიქტატის წინააღმდეგ. საზოგადოების განწყობა ამერიკაშიც და ევროპის რიგ ქვეყნებშიც დღეს ტრამპის მხარესაა და ახალგაზრდების დიდი ნაწილიც მიესალმება ტრამპის პოლიტიკას.
– ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა, მიუხედავად მოსახლეობის სიმპათიისა ტრამპის მიმართ, მაინც აჩვენა, რომ ჯო ბაიდენის რეიტინგი 10%-ით უსწრებს ტრამპისას. რით ახსნით ასეთ შედეგს?
– მიმაჩნია, რომ სოციოლოგიური კვლევები რეალურ შედეგებს ვერასდროს დებენ. წინა არჩევნებზე ჰილარი კლინტონსა და ტრამპს შორის რეიტინგით ბოლო წუთამდე კლინტონი ლიდერობდა. ამერიკელი პოლიტიკოსები და მკვლევრები გამარჯვებას კლინტონს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ტრამპმა გაიმარჯვა. ისე გაგრძელება, როგორც დემოკრატი პოლიტიკოსები ბოლო დროს იქცეოდნენ, უკვე შეუძლებელი ხდებოდა. არ შეიძლებოდა, ამერიკული საზოგადოება მსოფლიოს ისე წარმოედგინათ, თითქოს, ეს საზოგადოება მხოლოდ ცისფერებითა და ვარდისფერებით იყო დასახლებული. ევროპამაც უარი უთხრა ასეთ პოლიტიკურ მიდგომებს და მხარი დაუჭირა მემარჯვენე პარტიებს, რომელთა რაოდენობაც სულ უფრო იზრდება.
-როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ბაიდენისა და ტრამპის დებატების შემდეგ?
-აგრესიული დებატი იყო. ჩემთვის აღმოჩენა იყო კრის ვოლესი, როგორც წამყვანი, რომელიც იდეურად ტრამპის მომხრე იყო, თუმცა, მოახერხა და ისეთი დიპლომატია გამოიჩინა, მაყურებელი ვერაფრით მოახერხებდა მისი სიმპათიისა და ანტიპათიის შემჩნევას. მხარეები ისეთი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ერთმანეთის მიმართ, შეჩერება უჭირდათ. მართალი გითხრათ, კვლევებს დიდად არ ვენდობი და მათი შედეგები არასდროსაა რეალური შედეგების ადეკვატური, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ერთ-ერთი კვლევის შედეგად ამომრჩეველთა 70%-ს დებატებამდეც გადაწყვეტილი აქვს, ვის აძლევს ხმას ნოემბრის საპრეზიდენო არჩევნებში. ვაკვირდებოდი და ვერ შევამჩნიე ჯო ბაიდენის ალცჰეიმერის დაავადება, რომელზეც ასე აქტიურად წერს ამერიკული პრესა, თუმცა, დებატების დროს ის მაინც სამჯერ გავიდა მოსაშარდად.
-თუ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე სერიოზულადაა შერყეული, როგორღა უნდა ანდონ ამერიკელებმა მას ქვეყნის ბედი?
-იმ შემთვევაში, თუ ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტი გახდება, მართვის რეალურ სადავეებს, ჩემი აზრით, კამელა ჰარისი აიღებს, რომელიც, ამ დროისათვის, დემოკრატიული პარტიის ვიცეპრეზიდენტია. ჰარისი საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა, ყოფილი პროკურორი, რომელიც წარსულში შავკანიანთა ბრალმდებლად იყო ცნობილი. ის აფროამერიკელი მოქალაქეებისთვის ისეთ სასჯელებს მოითხოვდა, რომ საპატიმროებს უფასო მუშახელი არ მოჰკლებოდათ.
-74 წლის ტრამპი 77 წლის ბაიდენთან შედარებით უფრო მხნედ გამოიყურებოდა და მეტი აგრესიულობითაც გამოირჩეოდა?
-ტრამპი დებატისას ისე გრძნობდა თავს, როგორც – თევზი წყალში. მას მრავალი კვირის განმავლობაში ტელეგადაცემები მიჰყავდა. ტრამპი დღეს დიდ აუდიტორიებს კრებს, ბაიდენი – შედარებით ვიწრო საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს ხვდება. ამ დებატში რუსეთის ფაქტორმა, როგორც კომპრომატმა, ბაიდენის წინააღმდეგ ითამაშა. ირკვევა, რომ ლუჟკოვის ცოლმა სხვადასხვა დროს ჯო ბაიდენის ვაჟს 3 მილიონი დოლარი და 200 000 დოლარი გადაურიცხა. დებატისას სწორედ ტრამპმა შეახსენა ბაიდენს რუსული გადმორიცხვები. ხურდა ტრამპს ბაიდენმაც დაუბრუნა და მიაძახა: შე “პუტინის ლეკვოო”. მე კი მაინც მიმაჩნია, რომ, სწორედ აგრესიული პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ტრამპი მეორე ვადითაც გახდება ამერიკის პრეზიდენტი.