წყალტუბოში 9 აპრილისა და დედაენის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
“სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქ. წყალტუბოში გადის და 9 აპრილისა და დედაენის ქუჩების მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი, ასევე, ქ. წყალტუბოს შემოვლით გზად ითვლება.
არსებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად ამორტიზირებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.
პროქტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები და მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა. პროექტის დასრულების შემდეგ, კომფორტული გახდება აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 899 900 ლარია. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.