დავით მათიკაშვილი: ნახევრად კრიმინალური დაჯგუფება, „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ დაძაბოს სიტუაცია და ეს გაასაღოს „ქართული ოცნების“ მხრიდან მომდინარე ძალადობად

„ნახევრად კრიმინალური დაჯგუფება, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ცდილობს პროვოკაციები მოუწყოს „ქართულ ოცნებას“ და მის აქტივისტებს. გოგი მეშველიანი, მშვიდ, წყნარ, გაწონასწორებულ ვითარებაში ატარებს წინასაარჩევნო პროცესს, აგიტაციას და სწორედ ეს არის ძალიან გამაღიზიანებელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. აშკარაა, რომ ისინი, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად წააგებენ, ამიტომ მათი მთავარი იარაღი არის პროვოკაცია, რათა შექმნან ისეთი ვითარება და განწყობა, თითქოს ხდება დაძაბულობა, არის დაპირისპირება და ძალადობა, რომელიც თითქოს სახელისუფლებო გუნდიდან მომდინარეობს. იმის მაგივრად, რომ დაბალრეიტინგიანმა ოპონენტებმა, რაიმე სახით ხელი შეუწყონ სიტუაციის განმუხტვას, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაძაბონ სიტუაცია და ეს ყველაფერი გაასაღონ „ქართული ოცნების“ მხრიდან მომდინარე ძალადობად“, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დადგას სცენარი თითქოს ძალადობა „ქართული ოცნების“ მხრიდან მომდინარეობდა, რაც არის ტყუილი და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს იმ შედეგით, რაც საავადმყოფოებში არის დაფიქსირებული.

„გოგი მეშველიანის მხარდაჭერის ფარგლებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, სადაც პირველი ხელის შეშლა მოხდა. შემდგომ ჩაიხანაში უკვე იყო კიდევ ერთი პროვოკაციული მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რასაც არ წამოეგო „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, მოხდა ამ სიტუაციის განმუხტვა. პროვოკაციის უკვე მესამე მცდელობა იყო სწორედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ 20-30 აქტივისტი ქვებით, ჯოხებით, ხელკეტებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. რამდენიმე მათგანს მიყენებული აქვს საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება და ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ არის მხოლოდ პოლიტიკური ძალა, არამედ, ეს არის კრიმინალი ბელადის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის მიზანიც არ არის მშვიდობა, სტაბილურობა და არჩევნების მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.
„ხელისუფლებას გააჩნია სრული რესურსი, რომ წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები ჩატარდეს წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ეს არის თითო-ოროლა კრიმინალის მცდელობა არიოს სიტუაცია, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ. ყველა პროვოკაციული ქმედება, დანაშაულის ჩადენის ფაქტი იქნება მკაცრად დასჯილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები