ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივიან

ბათუმში საადვოკატო ფირმა – “ადვოკო” “ნაციონალური მოძრაობის” წყალტუბო-ხონი-ვანი-სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და ტელეწამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის, პატივისა და ღირსების შემლახავი, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის.
საქმე ეხება 23 სექტემბერს ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში – “სხვა ნანუკა” გასულ სიუჟეტს, სადაც, ადვოკატ ილია მახარაძის მტკიცებით, წამყვანი თითქმის 40 წუთის განმავლობაში მიზანმიმართულად და შეგნებულად ცდილობდა ზურაბ ბერიძესა და მის ოჯახზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

“არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვის მამისთვის მიკუთვნების თაობაზე, შესაბამისად, ბრალდებება, რომ თითქოს ზურაბ ბერიძე ზეგავლენას ახდენდა სასამართლოზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძე უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს, წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას.
არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ მცირეწლოვანის დედას არ აძლევდნენ შვილის ნახვის საშუალებას. დედას ბავშვის ნახვა ნებისმიერ დროს შეეძლო, როცა ამის სურვილი და დრო ჰქონდა, არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, როცა დედამ რამდენიმეჯერ ინახულა შვილი. დედას უარი არასდროს მიუღია ბავშვის ნახვაზე, პირიქით არსებობს არაერთი სატელეფონო შეტყობინება, როცა დედას არაერთხელ შესთავაზა მამამ მცირეწლოვანის ნახვა, მაგრამ დედამ არ ისარგებლა ამ შეთავაზებით, უფრო მეტიც, 2020 წლის 19 სექტემბერს დედამ ბავშვის ნახვაზე მიიიღო შეთავაზება, როგორც მამისგან ასევე, ადვოკატისგან, თუმცა უარი განაცხადა ბავშვის ნახვაზე იმ მიზეზით, რომ დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრთან. ზურაბ ბერიძეს ჰყავს მხოლოდ ერთი მეუღლე, რომელთანაც ქორწინებაში იმყოფება 2004 წლიდან დღემდე, ჰყავთ 2 არასრუწლოვანი შვილი. ოჯახის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა გასულმა სიუჟეტმა.
ჟურნალისტმა ზურაბ ბერიძის იუსტიციის სახლში მორიგი ვიზიტის ჯავშანი, ანასტასია შატალოვასა და ზურაბ ბერიძის ქორწინების განაცხადად გააცნო. არ ვფიქრობთ, რომ ქალბატონი ნანუკა ჯავშანს განაცხადისაგან ვერ არჩევს. ჟურნალისტი მოქმდებდა შეგნებულად წინასწარი განზრახვით, იყო თუ არა ამის მიზეზი მხოლოდ გადაცემის რეიტიგზე ზრუნვა და საარჩევნო კამპანისთვის ქულები, ნამდვილად ცალკე შესწავლის საგანია. ჩვენ კი ამ ეტაპზე მივიღეთ ასეთი ინფორმაციის გავრცელების შედეგად ზურაბ ბერიძის არასრულწყოვან შვილებზე ფსიქოლოგიური ძალადობა, ტრავმა, მათი ნორმალური ცხოვრების წესის დარღვევა და განერვიულება. მიზეზი კი ერთი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ტყუილია.
ნანუკა ჟორჟოლიანი აპელირებდა იმ ფაქტზე, რომ შატალოვა იყო მეძუძური დედა, მაგრამ არ გასჩენია კითხვა, როგორ ტოვებდა დედა შვილს 10 დღით, თუ ის მეძუძური იყო.
ნანუკა ჟორჟოლიანს არ ჰქონდა უფლება, ჩაეწერა ზურაბ ბერიძესთან სატელეფონო საუბარი და ეს ჩანაწერი გაესაჯაროვებინა.
ტელეწამყვანმა ზურაბ ბერიძის ნასამართლეობის შესახებ საუბრისას საზოგადოებას ის დამნაშავედ გააცნო. ასევე, საეჭვო კონტექსტში მოიხსენია მისი ვიცემერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი, რაც არაპირდაპირ დაუკავშირა ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის პატიმრობას. განვმარტავთ, რომ ზურაბ ბერიძე საერთაშორისო ორგანიზაციამ human rights watch-მა 2008 წელს თავისი ანგარიშით სცნო უკანონო პატიმრად და ორგანიზაცია – „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ საქმის შესწავლის შემდეგ 2009 წელს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

ფაქტია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დგამდა შოუს ანასტასია შატალოვას გამოყენებით ზურაბ ბერიძის რეპუტაციის შელახვის ხარჯზე. ზურაბ ბერიძის ოჯახმა, მეუღლემ და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა დიდი მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი მიიღეს საჯარო შოუს დადგმით და მათი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით.
ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიით დადგენილი პრინციპები დაარღვია:
პრინციპი 1.
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესა და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

პრინციპი 8.
ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

პრინციპი 5.
მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

პრინციპი 11.
ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნევა – ფაქტბის განზრახ დამახინჯება.

შესაბამისად, მოვითხოვთ, ნანუკა ჟორჟოლიანმა საჯაროდ უარყოს მის მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ცრუ ინფორმაცია და, ასევე, ვთხოვთ, საჯაროდ უარყოს ის ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა ზურაბ ბერიძის ოჯახის მიმართ, რომელიც აღარ არის საჯარო პირი და არც საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს მის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ ტელევიზიამ აანაზღაუროს ზიანი ბერიძეების ოჯახს დეზინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის და უარყოს ცრუ ინფორმაცია იმავე საშუალებით, რითაც გაასაჯაროვა”, – განაცხადა მახარაძემ.

“რეგიონული კვირა” ბრალდებების გადასამოწმებლად ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი ზარებს არ პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები