მამუკა მდინარაძე – ბოლნისის ინციდენტზე: “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბოლნისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლნისში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

რეალურად, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა.

მაგალითისთვის, გუშინ, ნახიბულაში საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების” აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი, ,,ქართული ოცნების” და შემთხვევით არ ვუსვამ ამას ხაზს, შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით, მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და კონფლიქტი უკვე ამის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ აქვთ დაზიანებები მიღებული.

ძალიან საყურადღებოა, რომ მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში, „ნაციონალური მოძრაობის” მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის” შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების” შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები”,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები