სალომე სხირტლაძე: საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკას

“ჩვენი შეფასება დადებითია – დოკუმენტი სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკას”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე სხირტლაძემ საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. იგი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას და აწესებს შეზღუდვებს თუ ლიმიტებს, რომელიც უკავშირდება საინვესტიციო საქმიანობას.

“ეროვნულმა ბანკმა დეტალურად შეაფასა ეს დოკუმენტი და აქტიურად ვიყავით ჩართული მისი შემუშავების პროცესში. ჩვენი შეფასება დადებითია – დოკუმენტი სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკასაც. „ეროვნული ბანკის როლი არის საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა. ეს გულისხმობს, იმას, რომ ეროვნული ბანკი გაუწევს მონიტორინგს/ზედამხედველობას საპენსიო საინვესტიციო საქმიანობას, იმას თუ რამდენად შეესაბამება ეს საქმიანობა საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრულ მითითებებს, რამდენად აკმაყოფილებს ეს საქმიანობა დადგენილ რისკების ლიმიტებს. სწორედ ეს იქნება ძირითადად ჩვენი შეფასების მთავარი ამოცანა. რამდენად იქნება თანხა დაცული და რა იქნება პორტფელის მომგებიანობა, ეს დიდწილად დამოკიდებულია თვითონ დოკუმენტის საინვესტიციო სტრატეგიაზე, თუ როგორ მოხდება ამ თანხების ინვესტირება პორტფელების მიხედვით. საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანია 95% ალბათობით უზრუნველყონ დადებითი ამონაგები ამ პორტფელიდან.“ -აცხადებს სალომე სხირტლაძე.

დღეს საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას. ეს პოლიტიკა, კანონთან და რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის მთავარ საინვესტიციო ბერკეტს და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები.

კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ზედამხედველი.

შეგახსენებთ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს, რომ საინვესტიციო პორტფელი გახდეს გაცილებით დივერსიფიცირებული და მიმართული გრძელვადიან რეალურ ამონაგებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები