ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა კიდევ 8 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, კობა კობალაძემ კიდევ 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, უნივერსიტეტ გეომედისა და ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის (ნეუს) რექტორებს, ვიცე-რექტორებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

კობა კობალაძემ სტუმრებს  სამსახურის განვითარების დინამიკა გააცნო, ვეტერანთა წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით, ასევე, საზოგადოებაში მათი უკეთ ინტეგრაციისთვის არსებული გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფოსა და სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები; ისაუბრა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სახელმწიფოს აღმშენებლობაში შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, მოტივირებული, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული მომავალი თაობების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მან, სტუმრებს, ვეტერანთა შვილების თანადგომისა და სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში, ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებული პატივი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, თანადგომა გამოხატონ ვეტერანების_იმ ღირსეული ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ძალისხმევა არ დაიშურეს, თავიანთი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ემსახურნენ და დღესაც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. მათ განაცხადეს, რომ ისინი მომავალშიც განაგრძობენ ვეტერანთა ოჯახების მხარდაჭერას და ერთობლივი, შედეგზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა-ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა;

დღევანდელი შეხვედრისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანი გახლდათ, სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება.

მემორანდუმებით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამ მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას გეგმავს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები