თამარ გაბუნია: სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს კორონავირუსის გამოწვევას, საკმარისად მაღალია
“მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების მატებისა, რომელიც მოსალოდნელი იყო მობილობის ამგვარ პირობებში, გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის. 0,57% მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების მართვა ძალიან წარმატებულია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
გაბუნიას თქმით, სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს კორონავირუსის გამოწვევას საკმარისად მაღალია და საერთაშორისო რეკომენდაციებს შეეფერება.
„ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი პირადი შეხედულება ქვეყნის პასუხზე, ეს მისი პოზიციაა, როგორ, რას შეაფასებს. თუმცა, საქართველო, როგორც ინფექციის შეკავების ფაზაზე, ასევე აქტიური მართვის ფაზაზე არაერთი საერთაშორისო ექსპერტის და ორგანიზაციის მიერ შეფასდა, როგორც წარმატებული. ყველა ის ელემენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოადგენს კრიტიკული წარმატების ფაქტორს, ქვეყანაში მოქმედებს. ეს არის ტესტირების შესაძლებლობა, კონტაქტების აქტიური ძიება, კლინიკური სექტორის მზაობა და ამაზე მიუთითებს ის მონაცემებიც, რომელიც ქვეყანას აქვს. მიუხედავად შემთხვევების მატებისა, რომელიც მოსალოდნელი იყო მობილობის ამგვარ პირობებში, გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის, 0,57 % მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების მართვა არის ძალიან წარმატებული. ამდენად, სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს ამ გამოწვევას, საკმარისად მაღალია და შეეფერება საერთაშორისო რეკომენდაციებს. სუბიექტური აზრი ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაში ტენდენციური მოსაზრებებიც არ გაგვიკვირდება, რომ მოვისმინოთ”, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აქვს ზუსტი გეგმა. თუ როგორ უნდა შევძლოთ კორონავირუსის შემცირება. „მე მინდა, ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომელიც ახლაა. პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მე მაქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. ტემპების, რომელიც გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და შემდეგ გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ამის განეიტრალება, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე”,- განაცხადა სააკაშვილმა.