თბილისის საგუნდო მუსიკის მეათე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის  მეათე საგუნდო მუსიკის ფესტივალი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში გაიხსნა.
27 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეათედ გაიმართება. აფხაზეთის დაცემის დღეს ფესტივალი გახსნა გ.ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით .
შესრულდა ქართული და უცხოური საგუნდო მუსიკა და ყველასთვის საყვარელი ქართული სიმღერების განსხვავებული ვერსიები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის სამხატვრო საბჭო წლიდან წლამდე მუშაობს იმისათვის, რომ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამები იყოს მრავალფეროვანი და სიახლით სავსე, მსმენელს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე გუნდებს.
„წელს მსოფლიოში არსებული პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიწვიოთ სხვადასხვა ქვეყნის გუნდები, შესაბამისად წარმოდგენილი იქნება მხოლოდ საქართველოში მოღვაწე არაჩვეულებრივი გუნდები განახლებული რეპერტუარით“.

ცნობისათვის: წელს თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს 10 წელი შეუსრულდა.
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.
ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობა, რაც უდიდესი სტიმულია საქართველოში მოქმედი გუნდებისათვის. ამ ხნის განმავლობაში, ყოველწიურად, საფესტივალო კონცერტები, იმართებოდა, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეში, თუმცა წელს, არსებული პანდემიური ვითარების ფონზე, ფესტივალი წარმოგიდგენილი იქნება ღია ცის ქვეშ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში.

საიუბილეო ფესტივალის პროგრამაში, 27 სექტემბრიდან წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ფიროსმანი”, ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა”, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მძლევარი”, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი „ლირა”, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ერქვანი”, გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი „მართვე”, თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ბიჭები”, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტური კაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.
ფესტივალის წარმდგენია თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები