გენერალურმა პროკურორმა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებულ პროკურორებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებულ პროკურორებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა – ირაკლი შოთაძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა – ნატალია ვუტოვამ გახსნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზებულ პროკურორებს კურსის წარმატებით გავლა მიულოცა, სერტიფიკატები გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ პროფესიონალთა სპეციალიზაციის პროცესი და სახელმწიფოს თანმიმდევრული მიდგომა მნიშვნელოვნად გაზრდის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას.
როგორც შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ განაცხადა, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაციის განხორციელება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც პირდაპირ აისახება საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლებასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაზე. მისი თქმით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, პრევენციული მექანიზმების დახვეწა, სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

გენერალური პროკურორის ბრძანებით, 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე საპროცესო უფლებამოსილებას პრიორიტეტულად სპეციალიზებული პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ახორციელებენ.

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროკურორებისთვის ჩატარდა სპეციალიზაციის ახალი სასწავლო კურსი, შეირჩნენ პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც გაიარეს გადამზადების ინტენსიური კურსები. ამჟამად, სპეციალიზებულია 101 თანამშრომელი, ამათგან 20 მენეჯერია, 77 პროკურორი, ხოლო 4 პროკურატურის გამომძიებელი. სასწავლო პროგრამა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან ერთად, დანაშაულის შედეგად დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციის უნარებსა და ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები