“სოციოლოგიური გამოკითხვები გვიჩვენებენ, რომ იმაზე უფრო მრავალპარტიული პარლამენტი გვექნება , ვიდრე 2016 , 2012 წლებში გვქონდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ანჯაფარიძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და პოლიტიკური პარტიების შანსებზე ისაუბრა.
„ბოლო 4 თვის მანძილზე 8 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა. ვფიქრობ, ეს საკმარისი რაოდენობაა იმისათვის, რომ მათი შედეგები მივიღოთ იმის მაჩვენებლად, თუ რა განწყობებია საზოგადოებაში, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების მხრივ. ყველა ამ გამოკითხვაში მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს. ეს იმაში გამოიხატება, რომ ის ზოგ გამოკითვაში სამჯერ, ზოგში 2.5-ჯერ უსწრებს უახლოეს მდევარს – „ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, ჯამურად, როგორც ჩანს, ვერ აგროვებენ იმდენ პროცენტს, რომელიც მათ მისცემდა საშუალებას, კოალიცია შეექმნათ და მთავრობა ჩამოეყალიბებინათ. მეორე ტენდენცია არის ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ვერ გამოვიდა ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის აღქმიდან. ყველა გამოკითხვა, ფაქტობრივად, აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობა ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ორპულუსიანობის პრიზმით აღიქვამს და მისთვის ორი მთავარი გლადიატორი ამ საარჩევნო ბრძოლაში არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, ახალი საარჩევნო სისტემის შედეგად, უპრეცედენტოდ დაბალი ბარიერია, 1 %. გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ჩვენ იმაზე უფრო მრავალპარტიული პარლემენტი გვექნება, ვიდრე 2016, 2012 წლებში გვქონდა.
რაც შეეხება ზოგად პოლიტიკურ სურათს – შეიძლება, ითქვას, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ოპოზიციურ ბანაკში, რა ხდება ხელისუფლებაში, პროცესები უფრო ხელისუფლების საკეთილდღეოდ და ოპოზიციის საზიანოდ მიმდინარეობს. რაც ხელისუფლებას ურთულებს მდგომარეობას, ესაა კორონავირუსის შემთხვევების მატება და მძიმე სოციალური, ეკონომიკური ფონი, რომელიც ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც გამოიწვია კორონავირუსის შემოტევამ. შეიძლება ითქვას, რომ ეს, გარკვეულწილად, კოვიდ 19-ის არჩევნებია.
მე ოპოზიციისგან განსხვავებით, სოციოლოგიურ გამოკითხვებში ვერ ამოვიკითხე ის, რომ ოპოზიცია ჯამურად უგებს ხელისუფლებას.
ჩემი შეფასებით, ოპოზიცია ვერ აიღებს იმდენ ხმას, რომ ჯამურად იმდენი პროცენტი დააგროვოს, „ქართული ოცნება“ გვერდით გაწიოს და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს. მე პირადად მქონდა მოლოდინი, რომ როცა ოპოზიციაში დადგებოდა გავლენების გადანაწილების საკითხი, ანუ ვის რამდენი წარმომადგენელი ეყოლებოდა თუნდაც იმავე მაჟორიტარულ ოლქებში, ვინ იქნებოდა დასახელებული პრემიერობის კანდიდატად, ეს აუცილებლად გამოიწვევდა მოჩვენებითი ერთიანობის დარღვევას, რომლის დემონსტირებასაც ოპოზიცია ახდენდა. დღეს ვხედავთ, რომ ეს ერთიანობა, ფაქტობრივად, დარღვეულია. მაგალითად: დაპირისპირება, რაც მიდის „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ასევე, დაპირისპირება, რაც იყო ვაშაძესა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რაც იმით დამთავრდა, რომ მას კონკურენტი დაუყენეს ისნის მაჟორიტარულ ოლქში. თუ დააკვირდებით, დღეს ყველა ოპოზიციური პარტია ნაკლებად საუბრობს ერთობაზე და ცდილობს, საკუთარი რესურსებით მიხედოს თავის საქმეს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად ერთგვარად დასუსტებული, დელეგიტიმიზირებულია. თუნდაც, მკაფიო პროცესი, რაც წავიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გენერალ დევი ჭანკოტაძესთან მიმართებით, მათ ამით აჩვენეს, რომ მათთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კიდევ ერთი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა აჩვენოს, მმართველი პარტია მესამე ვადითაც შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლებას.
„ამ არჩევნების კიდევ ერთი ინტრიგა იმაშიც მდგომარეობს, რომ მან უნდა გასცეს პასუხი კითხვას, მოხდება თუ არა ჩვენს უახლეს ისტორიაში პრეცედენტი, რომ მმართველი პარტია მესამე ვადითაც შეინარჩუნებს ხელისუფლებას.
ასეთი სიტუაცია გვაქვს ამჯერად, თუ გამოკითხვების ირგვლივ ვიტრიალებთ. მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება, არჩევნების შედეგები იყოს განსხვავებული, რადგან დარჩენილ დროში შეიძლება, ბევრი რამ მოხდეს. შეიძლება, მოხდეს გარე ჩარევები, კომპრომატების ძლიერი ომი. სიურპრიზები არჩევნებამდე დარცენილ პერიოდში გამორიცხული არ არის. მით უმეტეს, ჩვენი პარტნიორები გავფრთხილებენ იმის თაობაზე, რომ მოსალოდნელია ჩარევა რუსეთის მხრიდან, მოსალოდნელია კიბერთავდასხმები და სხვა საფრთხეები. ამ კუთხით ყველა უნდა გაფრთხილდეს. აშშ-ის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ მოსალოდნელია დეზინფორმაციის გავრცელება, კიბერთავდასხმები”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.