კელი დეგნანი: აშშ საქართველოს მოუწოდებს, დაუყონებლივ მიიღოს ყოვლისმომცველი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
“ამომრჩევლებს შეუძლიათ, მივიდნენ საარჩევნო უბნებთან ისე, რომ იცოდნენ, ინფორმაციის უსაფრთხოება დაცული იქნება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს კიბერუსაფრთხოების ფორუმზე განუცხადა.
მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ინფორმაციის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.
ამასთან, ელჩის თქმით, აშშ საქართველოს მოუწოდებს, დაუყონებლივ მიიღოს ყოვლისმომცველი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და მოახდინოს მისი რატიფიცირება
„მოხარული ვარ, რომ ვესწრები კიბერუსაფრთხოების ფორუმს. ფაქტი, რომ პრემიერმინისტრი, ელჩები ესწრებიან ამ ღონისძიებას, იმის ნიშანია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება. აშშ ამ მიმართულებით საქართველოსთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს. ეს ეხება კიბერქსელებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვას, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა და იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, ინფორმაციის უსაფრთხოება ისე მნიშვნელოვანია, როგორც – არასდროს.
ამომრჩევლებს შეუძლიათ, მივიდნენ საარჩევნო უბნებთან ისე, რომ იცოდნენ, ინფორმაციის უსაფრთხოება დაცული იქნება. აშშ საქართველოს მოუწოდებს, დაუყონებლივ მიიღოს ყოვლისმომცველი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და მოახდინოს მისი რატიფიცირება; ასევე, მკაფიოდ გაწეროს ამ სფეროში როლები და პასუხისმგებელობები. ეს დაეხმარება საქართველოს, იყოს უკეთესად მომზადებული, აღმოფხვრას რისკები და თავდასხმის შემთხვევაში, სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს. დარწმუნებული ვარ, იქნება ასეთი თავდასხმები, რადგან მთელ მსოფლიოში იგივე ხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.