ბულგარეთმა 2 რუსი დიპლომატი ჯაშუშობაში ამხილა და ქვეყნიდან გააძევა

ბულგარეთმა   რუსი დიპლომატები ჯაშუშობაში კვლავ  ამხილა. სამართალდამცველებმა იმის მტკიცებულება მოიპოვეს, რომ ეს რუსი დიპლომატები მათ ქვეყანაში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ. ამის შესახებ ბულგარეთის პროკურატურაში განაცხადეს. უწყების განცხადებით, ირკვევა, რომ ეს რუსი ჩინოვნიკები ბულგარეთის არმიის მოდერნიზების გეგმების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდნენ. ისინი კონტაქტებს ბულგარეთის იმ მოქალაქეებთან ამყარებდნენ, რომლებსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან ჰქონდათ წვდომა და საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებისთვის ფულის გადახდას ჰპირდებოდნენ. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ბულგარულმა მედიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ რუსი დიპლომატები საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადასაცემად აგროვებდნენ. ორივე მათგანი ქვეყნიდან გააძევეს. რუსეთის საელჩო ბულგარეთში კი აცხადებს, რომ ადგილობრივმა პროკურატურამ არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა და რუსული მხარე უკვე მზად არის, სარკისებურად იმოქმედოს.

დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური სტატუსის მქონე პირები ხელშეუხებლები არიან, შესაბამისად, მათ მიმართ მასპინძელ ქვეყნებში სისხლის სამართლის საქმის წარმოება წყდება, თუმცა, მათ აძევებენ და “პერსონა ნონ გრატად” აცხადებენ. ასეთი წოდების მქონე რუსი დიპლომატების რიცხვი კი ევროპის მასშტაბით სულ უფრო მატულობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბულგარეთი დიპლომატების საფარველ ქვეშ მომუშავე რუს ჯაშუშებს ამხელს და ქვეყნიდან აძევებს. მსგავსი გახმაურებული შემთხვევა ამა წლის იანვარში უკვე მოხდა – მაშინაც, ბულგარელმა სამართალდამცველებმა ორი რუსი დიპლომატი ამხილეს. მაშინ მათ ბულგარეთში დაგეგმილი არჩევნებისა და ენერგეტიკული სექტორის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში დასდეს ბრალი. ორივე დიპლომატმა ბულგარეთი 26 იანვარს დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი საკონსულო განყოფილების პირველი მდივანი იყო და სადაზვერვო საქმიანობას 2017 წლიდან ეწეოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბულგარეთის ამ ნაბიჯს „ღიად არამეგობრული და პროვოკაციული“ უწოდა. მანამდე, 2019 წელს კი ბულგარეთში დიდი ჯაშუშური სკანდალი მოხდა, რომელშიც რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის „რუსოფილების“ ხელმძღვანელი, ნიკოლაი მალინოვი გაეხვა. მის საქმიან პარტნიორებს ბულგარეთში შესვლა აეკრძალათ. საუბარია რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორ ლეონიდ რეშეტნიკოვსა და რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევზე, რომელიც პროპაგანდისტული ტელევიზიის – „ცარგრადის“ დამფუძნებელია.

არამხოლოდ ბულგარეთი

5 ივნისს ჩეხეთის ხელისუფლებამ პრაღაში არსებული Россотрудничество -ს ხელმძღვანელი, ანდრეი კონჩაკოვი და თანამშრომელი, ვინმე რიბაკოვი “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჩეხეთში მომწამვლელი ნივთიერება – „რიცინი“ შეიტანა, რომელიც პრაღელი ჩინოვნიკების მოწამვლისთვის იყო განკუთვნილი. მოსკოვმა მომხდარი “ანტირუსულ ფობიად და პროვოკაციად” მონათლა.

10 აგვისტოს სლოვაკეთის ხელისუფლებამ  თავის ქვეყანაში მომუშავე სამი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა. ბუნებრივია, მოსკოვს სხვა რა უნდა მოემოქმედებინა და სარკისებური პასუხი გასცა. სლოვაკეთის ელჩს მოსკოვში კი „გამოუცხადეს მკაცრი პროტესტი ბრატისლავას არამეგობრული ქმედების“ გამო.

19 აგვისტოს ნორვეგიის საინფორმაციო წყაროებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი რუსი დიპლომატის გაძევება მათმა სახელმწიფომაც გადაწყვიტა. მოსკოვმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა.

24 აგვისტოს რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად” ავსტრიის ხელისუფლებამ გამოაცხადა. ავსტრიული მედიის ცნობით, დიპლომატი სამრეწველო შპიონაჟში ამხილეს. მოსკოვმა, საპასუხო ზომის სახით, ავსტრიელი დიპლომატი თავისი ქვეყნიდან გააძევა.
იმის მიუხედავად, რომ გაცხადებულად კრემლი პარტნიორ ქვეყნებთან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს და “კოვიდ-19”-ის პანდემიის პერიოდშიც თითქოს მათთვის „მეგობრული ხელის“ გაწოდებით არის დაკავებული, სინამდვილეში, ის საქმიანობა, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები ეწევიან, ყველანაირ ზღვარს სცდება. მოსკოვის ინტერესების დაკმაყოფილება ნებისმიერი მსხვერპლის თუ უფლებების დარღვევის ხარჯზე – ეს არის ტაქტიკა, რომელიც უცვლელი რჩება. თუმცა, როგორც ჩანს, არ არის შორს ის დრო, როდესაც ასეთი ქმედებების გამო  კრემლს ყველა ზურგს აქცევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები