საქართველოში საწვავის იმპორტი 5.8 %-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 50,6 ათასი ტონით, ანუ 15,4%-ით გაიზარდა, ხოლო ბენზინის იმპორტი 11,3 ათასი ტონით, ანუ 3,2%-ით შემცირდა.

ჯამურად, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 39,3 ათასი ტონით, ანუ 5,8%-ით გაიზარდა.

“საწვავის იმპორტის ზრდა, ძირითადად, განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების (გზების მშენებლობა და ა.შ.) დიდ მოცულობასა და საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატებას (მ/წლის პირველი 8 თვის განმავლობაში გაზრდილია 13,3%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა აღურიცხავი საწვავის შემოდინება ქვეყანაში საქართველოზე ტრანზიტად გამავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ. თუმცა, მიმდინარე წლის 6 აპრილს გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება №92, რომლის ამოქმედების შემდეგაც მკვეთრად შეიზღუდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მიერ ავზებით საწვავის შემოტანა და, ზოგადად, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა აღურიცხავი პროდუქციის ბაზარზე განთავსება. რაც შეეხება მიმდინარე წელს ბენზინის იმპორტის შემცირებას – ის, ფაქტობრივად, დაკავშირებულია COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებთან, მათ შორის, კერძო ავტომფლობელებისათვის, დისტანციური სამუშაოსა და სასწავლო პროცესებიდან გამომდინარე სატრანსპორტო მიმოსვლის კლებასთან, ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვან შემცირებასთან“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან:

რუსეთი – 32,8%;

აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) – 20,5%;

რუმინეთი – 18,8%;

თურქმენეთი – 8,7%;

ბულგარეთი – 8,6%;

საბერძნეთი – 4,1%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები