ნიკოლოზ მჭედლიშვილი: კორონავირუსის შემთხვევების ზრდასა და ლარის გაუფასურებას შორის პირდაპირ კორელაციას ვხედავ

“ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ლარის გაუფასურება დიდი არ არის. შესაბამისად, თუ ლარის კურსი ამ ნიშნულის ფარგლებში დასტაბილურდა, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის დიდ საშიშროებას ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა.

მჭედლიშვილმა განმარტება ლარის გაუფასურების ტენდენციასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ვხედავთ, რომ ლარი უფასურდება, თუმცა, ეს კატასტროფული გაუფასურება არ არის. აპოკალიფსურ სურათს ვერ ვხედავ, რასაც ოპოზიციური არხები ხატავენ.
რას უკავშირდება ეს, ყოველთვის ორი ფაქტორია: ფუნდამენტური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მოლოდინები, რაც შეიძლება, საზოგადოებაში არსებობდეს. ჩვენ რომ დავაკვირდეთ სავალუტო სიტუაციას – რაიმე გაუარესება მაკროეკონომიკური კუთხით ამ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აპრილიდან მოყოლებული ეკონომიკის დაცემის ტემპი შემცირდა. ეს აშკარაა. მაკროეკონომუიკური სურათი, რასაც ვუყურებთ ბოლო თვეების განმავლობაში, გაუარესებული არ არის. მაშინ რა ხდება? რა ახდენს ლარის კურსზე ზეწოლას? ეს, ჩემი აზრით, არის უარყოფითი მოლოდინები. არჩევნების წინ დაძაბულობა სავალუტო ბაზარზე ყოველთვის შეინიშნება ხოლმე. ხალხი ელოდება არჩევნებს და მის შედეგებს. თავის დაზღვევის მიზნით, ბევრი ადამიანი და კომპანიაც ყიდულობს დოლარებს. ეს ყველა არჩევნებზე ასე ხდებოდა. ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს ხოლმე მეზობლებთან არსებული ვითარება, პირდაპირი გავლენა  შეიძლება, არ ჰქოდნეს ამას, მაგრამ ლირა გაუფასურდა. ბოლო დღეებში იმასაც ვაკვირდებით, რომ ამერიკაში დოლარი გამყარდა, შესაბამისად, ლარი გაუფასურდა. ამერიკის ეკონომიკის პროგნოზი დაიდო 2 დღის წინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკა უფრო ნაკლებად დაეცემა, ვიდრე – მოსალოდნელი იყო. ამან გამოიწვია დოლარის გამყარება. ამ სიტუაციაში, როცა მსოფლიო ტრენდი ისეთია, რომ დოლარი მყარდება, აქ ეს აუცილებლად იწვევს ლარის გაუფასურებას. ვალუტების უმრავლესობა უფასურდება ხოლმე.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ბოლო დღეების გაუფასურება არის მოლოდინების შედეგი. ჩემი დაკვირვებით, რაც დაიწყო კოვიდის გამოვლენის ყოველდღიური მაჩვენებლების ზრდა, ბიზნესსაც და ეკონომიკსაც მოლოდინები გაუჩნდა, რომ შეიძლება, ეკონომიკას ცუდი სიტუაცია შეექმნას. დაიწყეს დოლარის შესყიდვა. კოვიდის შემთხვევების ზრდასა და ლარის კურსის დაცემას შორის პირდაპირი კორელაცია დავინახე.

ვფიქრობ, ბაზარმა უკვე რეაგირება მოახდინა, არ არის გამორიცხული, რომ კურსი უახლოეს დღეებში დასტაბილურდეს.

ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ლარის გაუფასურება დიდი არ არის. შესაბამისად, თუ ლარის კურსი ამ ნიშნულის ფარგლებში დასტაბილურდა, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის დიდ საშიშროებას ვერ ვხედავ. თუ გაგრძელდება გაუფასურება, მაშინ ბიზნესი კორექციას მოახდენს და ფასებს აწევს“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები