ტრამპი – “ტომაჰავკის” რაკეტებზე: ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უამრავი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტა აქვს, მაგრამ საკუთარი მარაგების ამოწურვა არ უნდა დაუშვას.
ტრამპს ჰკითხეს, განიხილეს თუ არა პუტინთან საუბრისას უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემა.
“ბევრი არაფერი გვითქვამს, მაგრამ გეუბნებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც გვჭირდება „ტომაჰავკები“. ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. ვგულისხმობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მათი გამოლევა არ შეგვიძლია.
სინამდვილეში პუტინს ვუთხარი: „ხომ არ შეწუხდებით, თუ თქვენს ოპოზიციას რამდენიმე ათას „ტომაჰავკს“ მივცემ?“ მას ეს იდეა არ მოეწონა. “ტომაჰავკი“ ძლიერი, დამანგრეველი შეტევითი იარაღია. არავის სურს, რომ ეს იარაღი მათი მიმართულებით ისროლონ”,- განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს და უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების პოტენციურ მიწოდებას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს.