ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორულ ორგანიზაციებს პანდემიის დროს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ემიგრანტების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ესპანეთის სამეფოში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მადლობა გადაუხადა დიასპორულ ორგანიზაციებს პანდემიის დროს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ემიგრანტებისთვის სახელწმიფოსთან კორდინაციით გაწეული უდიდესი დახმარებისთვის.
მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე, გააცნო გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები.
შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პროგარმებსა და აქტივობებზე, რომლებსაც წლებია, ახორციელებენ ესპანეთის მასშტაბით, ასევე COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებზე, რომლებთან გამკლავებაც დღესაც უწევთ დიასპორულ ორგანიზაციებს. დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის დროს ესპანეთში საქართველოს საელჩოსა და ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის გაწეული დახმარება იყო ძალზე მნიშვნელოვანი და დროული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის განხორიცელება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უცხოეთში მყოფ თითოეულ თანამემამულეზე ზრუნვას.
შეხვედრის დასასრულ, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში – ილია გიორგაძე და ქ. ბარსელონაში საქართველოს კონსული – ქეთევან გოგოლაშვილ
ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიასა და საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვაებთან.